სალომე ზურაბიშვილის როლი მნიშვნელოვანია პოლიტიკურ პროცესში, მათ შორის, როდესაც ვსაუბრობთ თანამშრომლობაზე, ვგულისხმობთ კოორდინაციას და არა გაერთიანებას - ირაკლი კუპრაძე

ირაკლი კუპრაძე

სალომე ზურაბიშვილის როლი მნიშვნელოვანია პოლიტიკურ პროცესში. მათ შორის, როდესაც ვსაუბრობთ თანამშრომლობაზე, ვგულისხმობთ კოორდინაციას და არა გაერთიანებას, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „საუბარია მეტ კოორდინაციაზე პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან“.

„ჩვენთვის მისაღები არაა ერთიანი სია, ერთიანი ნომერი და ასე შემდეგ. ჩვენ ვსაუბრობთ მეტ კოორდინაციაზე პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებთან. გვიხარია, რომ ჩვენ და სალომე ზურაბიშვილს ერთნაირად გვესმის გაერთიანების, ერთობის მნიშვნელობა, რაც უნდა იყოს საერთო სტრატეგია, მეტი კოორდინაცია და ურთიერთთანამშრომლობა, მათ შორის ინფორმაციის გაცვლა საგარეო, საშინაო საკითხებზე. არსებობენ პოლიტიკოსები, აქტორები, ვისაც აქვს ხოლმე იდეები ტოტალური გაერთიანებების. ჩვენ ამას ვეწინააღმდეგებით. შინაარსობრივი თანხვედრა თუ არ არსებობს, მაშინ შეუძლებელია, გაერთიანებები გამოვიდეს. ჩვენ ვამბობთ, რომ არიან პოლიტიკურ სპექტრში, ვისთანაც ტოტალურ გაერთიანებებს ვერც კი დავუშვებთ. „ნაციონალური მოძრაობისგან“ ძალიან განსხვავდება „ძლიერი საქართველო“. შეიძლება, არსებობდნენ ინდივიდები, რომელთა როლსაც პოზიტიურად ვაფასებთ, მაგრამ როგორც პარტია, მისგან ისე რადიკალურად განვსხვავდებით, რომ რაიმე ტიპის გაერთიანებაზე საუბარი შეუძლებელია“,  – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

კითხვაზე, რა ფორმატში წარმოუდგენიათ სალომე ზურაბიშვილთან თანამშრომლობა, კუპრაძემ აღნიშნა:

„ჩვენ თანამშრომლობას განვიხილავთ საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში, რომელიც შეიძლება იყოს, მაგალითად, ალტერნატიული პარლამენტის იდეა, რომელსაც ვთავაზობდით პოლიტიკურ სპექტრს, ან შეიძლება იყოს რაიმე ისეთი ტიპის პოლიტიკური ფორმატი – შევათანხმოთ ის მნიშვნელოვანი საკითხები, რაზეც, მაგალითად, მედიას, მოქალაქეებს გაგიჩნდებათ შეკითხვები. აქ ვინმეს ლიდერობაზე არ არის საუბარი, საუბარია თანასწორ საწყისებზე, თანამშრომლობასა და კოორდინაციაზე“.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომ მისთვის აქტუალური, საინტერესო არ არის, რას საუბრობს სალომე ზურაბიშვილი და კოორდინირებულად უნდა იმუშაონ ქართველ ხალხთან, ირაკლი კუპრაძის თქმით, კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან კომუნიკაცია არ უჭირს.

„მე არ შემიძლია სხვა პოლიტიკურ პარტიებზე ვისაუბრო, თუმცა შემიძლია, გითხრათ, რომ კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ გვიჭირს კომუნიკაცია. მათ შორის, ჩვენი კოალიციის თავმჯდომარემ ხელი ჩამოართვა გიორგი გახარიას და შედგა ყველა ტიპის კომუნიკაცია, რაც სჭირდება სტრატეგიულ პარტნიორობასა და კოორდინაციას. ჩვენ ეს არ გვიჭირს“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.