საფრანგეთმა 2021 წელს მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს ჟურნალისტების მიერ პოლიციელების გადაღებას, როცა ისინი დემონსტრაციაზე მოქმედებენ - თამარ ჩიბურდანიძე

თამარ ჩიბურდანიძე

დროა, ვისწავლოთ რა არის რეალური დემოკრატია და როგორ უნდა ემორჩილებოდეს ყველა, მათ შორის ჟურნალისტიც საერთო სტანდარტებს, რაც სახელმწიფოს სჭირდება და არა საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე აქციების ფორმასა და შინაარსზე საუბრისას.

როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, ოპოზიციისათვის დემოკრატია მხოლოდ სიტყვებია და ამის დასტურია რადიკალების მხარდამჭერი ჟურნალისტების საქმიანობა, როცა ისინი სამართალდამცავებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთაში უშლიან ხელს.

„ქართულ ოპოზიციას რომ კითხო, ევროპა უნდათ, ოღონდ მხოლოდ სიტყვიერად. ეს დღეებია ვხედავთ რუსთაველზე, მათი ჟურნალისტები როგორ არ აცლიან სამართალდამცავებს მუშაობას და ხშირ შემთხვევაში, ხელს უშლიან კიდეც. მითუმეტეს, როდესაც არა მშვიდობიანი, არამედ, ძალადობრივი აქცია მიდის.

საფრანგეთმა 2021 წელს მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს ჟურნალისტების მიერ პოლიციელების გადაღებას, როცა ისინი დემონსტრაციაზე მოქმედებენ. იმედია, ამ კანონზე მაინც ვერ იტყვიან, რუსულიაო, ვერც დემოკრატიას დაუწუნებენ ევროპის წამყვან სახელმწიფოს. ეს კანონიც გვიჩვენებს იმას, რომ მედიასაც კი, არ აქვს უფლება შევიდეს იმ პროცესებში, როდესაც სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხები წყდება.

მართალია, ეს კანონი ჩვენთან არ მოქმედებს, მაგრამ ზოგად წესად მაინც ხომ შეგვიძლია გავიხადოთ სახელმწიფოებრივი აზროვნება და აქედან გამომდინარე, ქმედებაც? დროა, ვისწავლოთ რა არის რეალური დემოკრატია და როგორ უნდა ემორჩილებოდეს ყველა, მათ შორის ჟურნალისტიც საერთო სტანდარტებს, რაც სახელმწიფოს სჭირდება და არა საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს,” - წერს თამარ ჩიბურდანიძე.