საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით დაიგეგმა პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც მოხდება ძირითადად, დაფინანსების მოდელების შეცვლა - მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძე

საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით დაიგეგმა პირველადი ჯანდაცვის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც მოხდება ძირითადად, დაფინანსების მოდელების შეცვლა და რაც მნიშვნელოვანია აღინიშნოს - პირველადი ჯანდაცვის რგოლის შედეგებზე ორიენტირება, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

სარჯველაძის თქმით, პირველად ჯანდაცვის რეფორმა არის ძალიან ამბიციური გეგმა, რადგან ითვალისწინებს არა მხოლოდ დაფინანსების ზრდას, არამედ მოქალაქეებისთვის უფასოდ ხელმისაწვდომი გამოკვლევების ძალიან მნიშვნელოვან სპექტრს.

„გათვალისწინებულია, როგორც ანაზღაურების ზრდა დაწესებულებებისთვის, ექიმებისთვის, ექთნებისთვის, ასევე გათვალისწინებულია მოქალაქეებისთვის ახალი სერვისები, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მათი ჯანდაცვის სტანდარტებსა და ხარისხს. ამასთან, გათვალისწინებულია საქმიანობის ეფექტიანობის შეფასება.

ეს გეგმა მომდევნო 4-5 წლის განმავლობაში გულისხმობს, დაახლოებით, 120 მილიონი ლარის ინვესტირებას ამ სექტორში, რასაც პოტენციალი აქვს, რომ დაახლოებით, უშუალო გათვლებით, 160-მილიონიანი შეღავათი მისცეს მთლიანად ჯანდაცვის სექტორს დაფინანსების თვალსაზრისით“, - განაცხადა სარჯველაძემ.