"როდესაც მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებ და არა გარედან ნაკარნახევი ტექსტებით, ამ შემთხვევაში ქვეყანა ვითარდება, ხოლო როდესაც მხოლოდ გარედან მართული ხარ, სახეზეა ეკონომიკური კოლაფსი - გიორგი სოსიაშვილი

გიორგი სოსიაშვილი

"რატომ არის მოლდოვის ეკონომიკური ზრდა მინუსებში, ხოლო საქართველოსი რეგიონში პირველი, პასუხი მარტივია, მოლდოვამ დაუჯერა მათ, ვისაც საქართველომ არ დაუჯერა"- წერს შალვა პაპუაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თან ურთავს საქართველოსა და მოლდოვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს. დიაგრამის მიხედვით, საქართველო მოლდოვას ეკონომიკური მაჩვენებლით სამჯერ უსწრებს. სპიკერი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა პოლიტიკური, ეკონომიკური და ინსტიტუციური სახის სარისკო რჩევების ბრმად შესრულებაზე, და ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობილი პოლიტიკა გაატარა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოსაზრებას იზიარებენ მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ეკონომიკური ზრდისა და დემოკრატიული განვითარების კუთხით მოლდოვა საქართველოს საგრძნობლად ჩამორჩება. თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ნაჩვენები პოზიტიური შედეგების მიუხედავად, საქართველოსადმი ევროპული ბიუროკრატიის მიდგომა არასამართლიანია.

"11 მილიარდი დოლარით არის განსხვავება ჩვენსა და მოლდოვას შორის ეკონომიკური მდგომარეობა და ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც ქვეყანა ვითარდება საკუთარ მოსახლეობაზე ორიენტირებული სწორი პოლიტიკით და ამ პოლიტიკის სწორი დაგეგმვით, როდესაც მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებ და არა გარედან ნაკარნახევი ტექსტებით და ინსტრუქციებით, ამ შემთხვევაში, ქვეყანა ვითარდება. როდესაც მხოლოდ გარედან მართული ხარ, აგენტურულ ძალად გადაიქცევა ქვეყნის ხელისუფლება და ქვეყანას მიაქანებს გაურკვეველი მიმართულებით, სახეზეა ეკონომიკური კოლაფსი, გაჭირვება და დემოკრატიის ასეთი უხეში უკუსვლა, რომელიც ვიხილეთ, როდესაც არჩევნებამდე გარკვეული პერიოდით ადრე, არჩევნებში ერთ-ერთი პარტიის მონაწილეობა აკრძალეს"- აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი.