რეზოლუციაში აფხაზეთის თანასწორუფლებიან პოლიტიკურ ერთეულად მოხსენიება, საქართველოს მიმართ ზოგიერთი ევროპარლამენტარის დამოკიდებულებას წარმოადგენს - ვოლსკი

გიორგი ვოლსკი

„ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენლებს შეუძლებელია არ ჰქონდეთ ინფორმაცია, რასაც წარმოადგენს დღეს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, რეზოლუციაში ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად ყირგიზეთთან ერთად მოხსენიება, საქართველოს მიმართ მათ რეალურ დამოკიდებულებას წარმოადგენს.

„კუბილიუსი და ევროპარლამენტის რამდენიმე დეპუტატი ის ბირთვია, რომლებიც საქართველოს მიმართ მუდმივად აგრესიულად არიან განწყობილი, ითხოვენ სანქციებს. გამორიცხულია, არ ჰქონდეთ ინფორმაცია, რას წარმოადგენს დღეს აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის ტერიტორია და მათი მოხსენიება, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეული ის პათოსია, რასაც ატარებენ. საქართველოს საკითხების მიმართ მათი დამოკიდებულება გამოიხატება, თუნდაც ამ ერთ ფრაზაში, რომელიც მათი ხელმოწერით არის წარმოდგენილი საერთო რეზოლუციის სახით. ეს არის „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენელთა დიდი ჯგუფი, თუმცა სხვებიც არ აკლებენ. ეს არის პათოსი, მათი ხედვა – ყირგიზეთი და აფხაზეთი მოხსენიებულია,როგორც თანასწორუფლებიანი პოლიტიკური ერთეულები”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტში ოკუპირებული აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არის მოხსენიებული. რეზოლუციის პროექტში, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით „ევროპის სახალხო პარტიამ“ შეიმუშავა და რომელიც ევროპარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული, ნათქვამია, რომ „ქართული კანონპროექტი რუსულის მიხედვით შეიქმნა და ასეთივე კანონმდებლობა ცოტა ხნის წინ ყირგიზეთსა და აფხაზეთში მიიღეს“.