რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ავტობუსს ცემენტმზიდი დაეჯახა - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1754480378
შიდა ქართლის რეგიონში მოვინახულეთ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. მათ შორის, საოკუპაციო ხაზთან ახლოს სოფელ დვანში ახლადაშენებული საბავშვო ბაღი. ჩვენ მაქსმიმალურად დიდ ყურადღებას მივაქცევთ ამ რეგიონში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საკითხს და ყველა იმ პროექტის განხორციელებას, რომელიც აქ მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელია, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ სოფელ დვანის საბავშვო ბაღის დათვალიერების შემდეგ.
ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შიდა ქართლის რეგიონში — გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურულ პროექტებს ადგილზე გაეცნო.
ქარელის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ დვანში თანამედროვე სტანდარტების ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, რომელიც 100 აღსაზრდელზეა გათვლილი. პროექტის ფარგლებში მოეწყო სათამაშო და საძინებელი ოთახები, სველი წერტილები, რეკრეაციული ზონები, ეზო და ყველა საჭირო შიდა და გარე ინფრასტრუქტურა. შენობა სრულად არის ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის. ბაღის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 2.2 მილიონ ლარამდეა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში ძველი საბავშვო ბაღის დემონტაჟის შემდეგ, ახალი თანამედროვე ბაღი აშენდება, ხოლო ტირძნისში სრულად განახლდება 150 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში — შინდისსა და ტირძნისში — სრულად განახლდება საბავშვო ბაღები. რეაბილიტაციის შედეგად, შინდისში განახლდება 125, ხოლო ტირძნისში 150 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღის შენობა. სამუშაოების საერთო ღირებულება 5.6 მილიონ ლარს შეადგენს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ მოხისში, შენდება თანამედროვე სტანდარტების ახალი საბავშვო ბაღი, რომელიც 50 ბავშვზეა გათვლილი. პროექტი ითვალისწინებს ყველა საჭირო შიდა და გარე ინფრასტრუქტურის მოწყობას. სოფელ ქვენატკოცაში უკვე მიმდინარეობს 75 აღსაზრდელზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, რომლის ღირებულება 3.5 მილიონ ლარს შეადგენს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
სარეაბილიტაციო და სამშენებლო პროექტების ფარგლებში საბავშვო ბაღებში უზრუნველყოფილი იქნება თანამედროვე, უსაფრთხო და ბავშვების განვითარებაზე ორიენტირებული გარემო. მოეწყობა სასწავლო და სათამაშო სივრცეები, განახლდება გათბობის, წყალმომარაგებისა და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, კეთილმოეწყობა ეზოები და სრულად ადაპტირდება ინფრასტრუქტურა განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის.
მინისტრის თქმით, რამდენიმე ობიექტზე შეიცვალა მშენებელი კომპანია და ცვლილების შედეგად აქტიურად დაიწყება სამუშაოები.
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.