ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1761677155
„წყალმომარაგების სექტორში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერით, გრძელდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. 2021 წლიდან დღემდე შესრულებულია 150-ზე მეტი პროექტი, რომელთა საერთო ღირებულება მილიარდ ლარს აღემატება“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ პარლამენტში, სადაც ის ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოვიდა.
მინისტრმა წყალმომარაგების კომპანიაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეინიშნება რიგი პრობლემები. მათ შორის სამუშაოების შესრულების ვადების გადაცილება, ხარვეზები პროექტის დოკუმენტაციაში, სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე პოტენციური მომწოდებლების სიმცირე, საზედამხედველო კომპანიების დეფიციტი და კადრების ნაკლებობა. მისი თქმით, სერიოზულ გამოწვევად რჩება სისტემაში არსებული დანაკარგები და გადასახადების ამოღების დაბალი მაჩვენებელი.
„ამ ყველაფრის ფონზე, სამინისტროს გუნდს რთული ამოცანა ჰქონდა - გაეჯანსაღებინა სისტემის მუშაობა, შეეცვალა მართვის მიდგომები, დაენერგა ახალი მენეჯმენტის მექანიზმები და ხარისხის კონტროლის სტანდარტები. ეს ცვლილებები აუცილებლად აისახება შედეგებზე“, - აღნიშნა მინისტრმა.
რევაზ სოხაძის განცხადებით, ამ ეტაპზე სახელმწიფო ბიუჯეტის და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით, ქვეყნის 110-ზე მეტ ლოკაციაზე მიმდინარეობს 2,5 მილიარდი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლის დასრულება 2029 წლის ბოლომდეა დაგეგმილი.
პროექტების დასრულების შემდეგ, 300 ათასზე მეტი ბენეფიციარი ისარგებლებს გაუმჯობესებული წყალმომარაგების სერვისით.