„რაც შეეხება აშშ-ს, გვაქვს იმედები, ჩვენთვის მთავარია საქართველოს და აშშ-ს შორის ურთიერთობა იყოს დაფუძნებული ორივე ქვეყნის ხალხების ინტერესებზე, რაზეც საუბრობს სახელმწიფო მდივანი“ - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

„რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ვხედავთ და გვაქვს იმედები, მათ შორის, იქიდან გამომდინარე, რომ ის, რასაც ვამბობდით 3-4 წლის განმავლობაში, ყველაფერი დაადასტურა ტრამპის ადმინისტრაციამ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, რომ საქართველოს და ტრამპის ადმინისტრაციის ურთიერთობა გააფუჭონ.

„რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ვხედავთ და გვაქვს იმედები, მათ შორის, იქიდან გამომდინარე, რომ ის, რასაც ვამბობდით 3-4 წლის განმავლობაში, ყველაფერი დაადასტურა ტრამპის ადმინისტრაციამ. მაშინ, სადღა შეიძლება იყოს რაიმე გაუგებრობა ჩვენს ქვეყნებს შორის?! ჩვენ ვხედავთ, რომ არის გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ, ასეთ ვთქვათ, წააჩხუბონ ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოსთან, იგონებენ სხვადასხვა თემებს, ხან ჩინეთიო, ხან ირანიო, თუმცა დღეს ვნახეთ, ტრამპმა თავად განაცხადა, რომ ჩინეთთან კარგი შეთანხმება დაიდო. ჩვენც ხომ ამაზე ვსაუბრობთ. ჩვენ რეგიონში ვართ, სადაც მნიშვნელოვანი არის, რომ ყველასთან გვქონდეს კარგი ურთიერთობა.

[თუმცა] სამწუხაროდ, ის ფაქტი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ 2 დღით ადრე გამოაქვეყნა პოსტი, საელჩოს თანამშრომლები როგორ წვავენ სტეიკს და 2 დღით გვიან, ამერიკის პრეზიდენტმა რომ მისწერა წერილი საქართველოს პრეზიდენტს, ეს არ გამოაქვეყნა.

ჩვენთვის მთავარი არის, რომ საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა იყოს დაფუძნებული ორივე ქვეყნის ხალხების ინტერესებზე, რაზეც საუბრობს დღევანდელი სახელმწიფო მდივანი. დღევანდელი ადმინისტრაცია აღიარებს, რომ სხვა ხალხებსაც აქვთ ინტერესები და ამ ინტერესების თანხვედრის ძიება არის დიპლომატია“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ მალე იქნება დანიშნული ახალი ელჩი აშშ-ის მხრიდან.