რამდენიმე მნიშვნელოვანი ამერიკული საექსპორტო პროდუქტისთვის საქართველო არის ძალიან საინტერესო ბაზარი - ლევან დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი

„გვჯერა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ეკონომიკური პროცესები ურთიერთხელსაყრელი შეიძლება იყოს და ვნახოთ საერთო ინტერესის ობიექტები და წერტილები - ჩვენთვის ეს არ არის სიახლე, რადგან ეკონომიკის სამინისტრო ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ბევრ სხვა ქვეყანასთან თუ პოტენციურ პარტნიორთან ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების საკითხებზე მუდმივად მუშაობს, ჩვენი ანალიტიკოსები მუდმივად სწავლობენ სხვადასხვა ქვეყანასთან ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობებს, ამიტომ ხელცარიელი ამერიკაში არ ჩავსულვართ და ჩვენი ეკონომიკური ანალიზი გავუზიარეთ იქაურ კოლეგებს“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა აშშ-სთან ეკონომიკური პარტნიორობის მიმართულებებზე საუბრისას.

პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, აშშ-ში ვიზიტის დროს განსაკუთრებით საინტერესო იყო შეხვედრა კომერციის დეპარტამენტში, რადგან მხარეთა ინტერესები და კონკრეტული მიდგომები ძალიან ემთხვევა ერთმანეთს.

„გამოიკვეთა, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ერთ ენაზე, საქართველო ამერიკის საინტერესო პარტნიორია სავაჭრო კუთხით. შეიძლება პატარა სამომხმარებლო ბაზარია, მაგრამ ჩვენი ქვეყანა არის მნიშვნელოვანი რეგიონული ცენტრი სავაჭრო სატრანზიტო ურთიერთობის კუთხით - საქართველოში შემოდის პროდუქცია, რომელიც ნაწილდება საკმაოდ დიდ რეგიონში: ეს არის სამხრეთ კავკასია, ცენტრალური აზიისა და კიდევ უფრო შორს მდებარე ქვეყნები, აქედან გამომდინარე, რამდენიმე მნიშვნელოვანი ამერიკული საექსპორტო პროდუქტისთვის საქართველო არის ძალიან საინტერესო ბაზარი“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველო ამერიკული მეორადი ავტომობილების მეათე საექსპორტო ქვეყანაა, ასევე დაახლოებით 2%-მდეა სასოფლო სამეურნეო პროდუქტის, ასევე საკვები პროდუქტის თვალსაზრისით და ასე შემდეგ.

„ეს საკმაოდ საინტერესოა და აქ არსებობს ზრდის პერსპექტივა, მაგრამ არსებობს, რა თქმა უნდა, საქართველოს ეკონომიკური ინტერესები“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

მინისტრის შეფასებით, ჩვენს ქვეყანას გააჩნია მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ცენტრის ფუნქცია, რომელიც მუდმივად იზრდება და ხორციელდება ინვესტიციები.

„ჩვენთან სასაწყობე-სამაცივრე ინფრასტრუქტურა იზრდება და მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოებული პროდუქცია საქართველოში ინახება, შემდგომში ნაწილდება რეგიონის ქვეყნებში და დამატებითი ღირებულება რჩება საქართველოში, ასევეა ბევრი სხვა პროდუქტის შემთხვევაში, როცა საქართველოში ხდება იმპორტი და რეექსპორტის რეჟიმში საკმაოდ მნიშვნელოვან ეკონომიკურ შემოსავლებს იღებს ქვეყანა“ - აღნიშნა დავითაშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა ურთიერთშემავსებელი, ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის სავაჭრო კუთხით, თუმცა, მისივე თქმით, აშშ-ში ვიზიტის დროს საუბარი ასევე შეეხო საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ფუნქციას და დამაკავშირებელ როლს, რომელიც ქვეყანას გააჩნია მნიშვნელოვან მსხვილ ბაზრებზე და რესურსებზე წვდომის თვალსაზრისით.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, განხილვის თემა აგრეთვე იყო თანამშრომლობა საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და ზოგადად, ინოვაციების სფეროში.