რადიკალური ენჯეო სექტორი მავნებლობით არის დაკავებული, ცდილობენ ოპოზიციის რეიტინგის გაზრდას და ჩვენი რეიტინგის შემცირებას - ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

რადიკალური ენჯეო სექტორი პირდაპირ მავნებლობით არის დაკავებული, ცდილობენ რაღაცნაირად მოახერხონ ოპოზიციის რეიტინგის გაზრდა და ჩვენი რეიტინგის შემცირება, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, არასამთავრობო სექტორის ნაწილის ქმედებები, მათ შორის მცდელობა, რომ უვიზო მიმოსვლა შეჩერდეს, სიურპრიზი არ არის, რადგან ისინი ხელს უშლიდნენ ასევე კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესსაც.

„მაკკეინის ინსტიტუტმა ისინი პირდაპირ ამხილა, რომ არიან დაკავებული იმ საქმიანობით, თითქოსდა საქართველო ვიზალიბერალიზაციას არ იმსახურებს. თუმცა სიურპრიზი აქაც არაფერია; მოდი გადავხედოთ - როცა კანდიდატის ტატუსი ავიღეთ, მაშინაც უარყოფითი დასკვნები იგზავნებოდა ენჯეო სექტორის მხრიდან ევროპაში, რომ შეეჩერებინათ კანდიდატის სტატუსის აღების პროცესი“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

მაკკეინის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირმა ქართველებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა ქართული ენჯეოების მოთხოვნის საფუძველზე განიხილოს.