„რა თქმა უნდა, სხვანაირად ვერ ილაპარაკებენ, ხომ არ აღიარებენ, რომ იმდენად მძიმე დღეში არიან, კანდიდატებიც გაურბით“ - ლევან მაჭავარიანი ირაკლი კუპრაძის განცხადებაზე

ლევან მაჭავარიანი

ბატონი კუპრაძის ბრალდებები, რომ თითქოს ჩვენ ვართ რაღაცაში ჩარეული, რა თქმა უნდა, სხვანაირად ვერ ილაპარაკებენ, ხომ არ აღიარებენ იმას, რომ იმდენად მძიმე დღეში არიან, კანდიდატებიც გაურბით, სიის წევრებიც მიდიან პარტიიდან. როდესაც ისინი ერთი მხრივ, მოღალატეებს ეძებდნენ სამართალდამცველ უწყებებში და განცხადებებს აკეთებდნენ, კონკრეტულ ქრთამს ჰპირდებოდნენ პირდაპირ ეთერში და ა.შ. რა თქმა უნდა, სამართალდამცველ უწყებებში მოღალატეები ვერ მოძებნეს და ვერც მოძებნიან. შესაბამისად, ჯობია, რომ მიხედონ თავიანთ საქმეს," - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, რითაც ირაკლი კუპრაძის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც ლევან მაჭავარიანმა განაცხადა, ოპოზიციის ხელწერაა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე ზეწოლა მოახდინოს.

"ზოგადად, რადიკალური ოპოზიციის და მათი პარტნიორი მდიდარი "ენჯეოების" ხელწერა არის სახელმწიფო ინსტიტუტებზე მოახდინონ თავდასხმა და დისკრედიტაცია. სუს-ზე რომ გავაკეთოთ კომენტარი და ბატონ მამუკა მდინარაძეზე, ბატონი მამუკას მსგავს უშიშროების ხელმძღვანელს ისურვებდა ნებისმიერი ქვეყანა, იქიდან გამომდინარე, რომ ის არის თავისი საქმის პროფესიონალი.

ბატონმა პრემიერმა მინიშნებაც გააკეთა რამდენიმე თვის წინ, რომ არიან ადამიანები, ყოფილი ჩვენი გუნდის წევრები, რომლებიც პირდაპირ აფინანსებენ ბატონ ხაბეიშვილს, რამდენიმე რადიკალური ოპოზიციური პარტიის ლიდერს, რამდენიმე ჟურნალისტს და ა.შ. გამომდინარე იქიდან, ილაპარაკონ ის, რაც მათ დღის წესრიგს სჭირდება, თუმცა ეს ჩვენ ხელს ვერაფერში ვერ შეგვიშლის," - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, ირაკლი კუპრაძე კოალიცია "ლელო-ძლიერი საქართველოს წინააღმდეგ სუს-ის მხრიდან ზეწოლაზე, მუქარაზე, მოსყიდვასა და შანტაჟზე საუბრობს. მისი განცხადებით, პარტიის წარმომადგენლები და მაჟორიტარობის კანდიდატები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მძიმე წნეხის ქვეშ არიან. კუპრაძემ დაასახელა რამდენიმე მაგალითი, მათ შორის, "ლელოს" ბოლნისის მერობის კანდიდატი, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საკუთარი კანდიდატურა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ მოხსნა.