„რა თქმა უნდა, მივიღებთ მონაწილეობას იმ აქციაში, რომელიც ამ "მეგობარი აქტის" მხარდამჭერი იქნება“ - ირაკლი ფავლენიშვილი

ირაკლი ფავლენიშვილი

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი "მეგობარი აქტის" მხარდამჭერი აქციისთვის ემზადება. მსვლელობა მარჯანიშვილის მოედნიდან პარლამენტამდე გაიმართება.

ოპოზიციის ნაწილი აქციაში მონაწილეობას აპირებს. პლატფორმა "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ირაკლი ფავლენიშვილი მოუწოდებს ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია აშშ-სთან სტრატეგიული ურთიერთობების აღდგენა, გამოვიდეს ამ აქციაზე.

"ის, რომ ხალხი აპროტესტებს, ის, რომ ხალხი ამ მოთხოვნებით გამოდის ქუჩაში, არის არა გარე ძალების, არამედ შიდა ძალებისა და ქართველი ხალხის პროტესტის გამოხატულება. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღებთ მონაწილეობას იმ აქციაში, რომელიც ამ "მეგობარი აქტის" მხარდამჭერი იქნება და მოვუწოდებთ აბსოლუტურად ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და ჩვენი ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის პროცესის გაგრძელება, იყოს აქციაზე," - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.

პარტია "გახარია - საქართველოსთვის" წევრი, ვიკა ფილფანი აცხადებს, რომ მისი პარტია იქნება ნებისმიერ აქციაზე, ქართველი ხალხის გვერდით.

"მართულის" დაძახება, მგონი, არავის აღარ გვიკვირს არაფერზე, რაც არ მოსწონთ, ყველაფერს მართულს ეძახიან, ეძახონ მართული. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით იქ, სადაც იქნება ხალხი. ნებისმიერ აქციაზე. კიდევ ერთხელ დავანახოთ ქვეყანას და დაინახოს ჩვენმა პარტნიორმა ქვეყანამ, რომ აქ არის ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ამას აფასებს, პატივს სცემს და მოლოდინშია ამ აქტის შედეგების და მისი მიღების," - აცხადებს ვიკა ფილფანი.