გარემოს ეროვნული სააგენტო სპეციალურ მიმართვას ავრცელებს
1752841484
საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაზე საუბრობს შალვა პაპუაშვილი და მაგალითად მოლდოვა მოჰყავს. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ბევრად უკეთესი მაჩვენებლები აქვს, ევროკავშირმა მოლდოვას კანდიდატის სტატუსიც მიანიჭა და მოლაპარაკებებიც გაუხსნა, მაშინ როდესაც საქართველო თავდასხმებისა და მუქარების ობიექტია.
პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში ცხრილიც გამოაქვეყნა, რომელიც ასახავს საქართველოსა და მოლდოვის ეკონომიკურ ზრდას წლების მიხედვით. "მაშინ როდესაც 2021 წელს საქართველოს ბიუჯეტი მოლდოვაზე 2,4 მილიარდი დოლარით მეტი იყო, 2025 წელს, ჩვენი ბიუჯეტი მოლდოვისას 4,8 მეათედი მილიარდი დოლარით აღემატება, ანუ ხუთ წელიწადში ორჯერ გავზარდეთ ბიუჯეტებს შორის სხვაობა", - წერს შალვა პაპუაშვილი.
პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ირაკლი ფარულავას განცხადებით, მოლდოვასა და საქართველოს შორის სხვაობა ის არის, რომ მოლდოვაში დემოკრატიაა და საქართველოში არა.
"რა განსხვავებაა საქართველოსა და მოლდოვას შორის? იქ არის დემოკრატია და აქ არ არის დემოკრატია, იქ ადამიანის უფლებებს იცავენ, აქ ადამიანის უფლებებს არღვევენ", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.
პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, თუ საქართველოს ევროკავშირის წევრობა უნდა, მაშინ ის უნდა აკმაყოფილებდეს ამ გაერთიანების სტანდარტებს.
"თუ გინდა ევროპის ქვეყნების გაერთიანებაში ყოფნა, უნდა აკმაყოფილებდე იმ სტანდარტებს რაც საჭიროა წევრობისთვის. პირველ რიგში, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი ხარისხი, ინსტიტუციების დამოუკიდებლობა და სიძლიერე. ის, რომ მოლდოვის ხელისუფლება და უშუალოდ მათი წარმომდგენელი არის პროდასავლური და პირდაპირ აჟღერებს იმ გზავნილებს, რაც არის თავიანთი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში, ესეც ცხადია", - განაცხადა ლანა გალდავამ.