ქვეყანას, რომელიც აუარესებს საკუთარი მოქალაქეების უფლებრივ მდგომარეობას, არ სჭირდება არც ზელენსკის და არც ვინმე სხვის განცხადება - თაზო დათუნაშვილი

თაზო დათუნაშვილი

უკრაინის პრეზიდენტის გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლას, თბილისში აფასებენ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობას მიღებული კანონები აუარესებს და ეს ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების გარეშეც ჩანს.

"ქვეყანაში, სადაც მიიღეს კანონები, რომლებიც ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, ის ქვეყანა, რა თქმა უნდა, აუარესებს საკუთარი მოქალაქეების უფლებრივ მდგომარეობას. ამას არ სჭირდება, არც ზელენსკის განცხადება და არც ვინმე სხვის," - აღნიშნა "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრმა თაზო დათუნაშვილმა.

"ქართულ ოცნებაში" კი ამბობენ, რომ საქართველოს კრიტიკა მიუღებელია მაშინ, როცა ის უკრაინას ყველა პარამეტრით, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის მხრივ გაცილებით უსწრებს. მმართველი გუნდი, ასევე, აღნიშნავს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი აკრიტიკებს საქართველოს, რომელმაც იმავე გაერო-ში მის ყველა რეზოლუციას მხარი დაუჭირა, თუმცა ეს მას სიტყვით გამოსვლის დროს არც უხსენებია.

ცნობისთვის, გაერო-ს უმაღლესი ტრიბუნა ზელენსკიმ საქართველოს კრიტიკისთვის გუშინ გამოიყენა. მისი თქმით, საქართველო ევროპისთვის უკვე დაკარგულია და აქ "ადამიანის უფლებებისა და სახელმწიფო სისტემის ევროპული ბუნების შევიწროება ხდება."