ქუჩის წინააღმდეგობის გარდა, სხვა გზა არ არის დარჩენილი“ - ირაკლი ფავლენიშვილი

ირაკლი ფავლენიშვილი

ოპოზიციის ერთი ნაწილი 26 მაისს, ეროვნულ დღესასწაულზე პროცესების რადიკალიზაციას აანონსებს, მეორე კი ემიჯნება. ოპონენტებისგან განსხვავებით, 26 მაისის აღნიშვნის ტრადიციული სადღესასწაულო გეგმა აქვს ხელისუფლებას, რომელიც აცხადებს რომ პროვოკაციების მოწყობის უფლებას არავის მისცემს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ამ დღეს ვისთან უნდა ყოფნა, ასევე პარტიაში ქუჩის წინააღმდეგობაზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ ამის გარდა, სხვა გზა არ არის დარჩენილი:

"ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს ვისთან უნდა ყოფნა. სიმბოლური თარიღების დროს, მეგობარი ქვეყნები და მათი პოლიტიკური ფიგურები ჩამოდიან ხოლმე ქვეყნებში. ხისტი ფორმები კი არა, უბრალოდ საჭიროა ქუჩაში წინააღმდეგობა, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. როდესაც გვყავს არალეგიტიმური ხელისუფლება და ისინი არ რეაგირებენ არაფერზე, ქუჩის წინააღმდეგობის გარდა, სხვა გზა არ არის დარჩენილი. წინააღმდეგობის პლატფორმაში ჩვენ არ ვართ ინტეგრირებულები, ამიტომაც, პირველ რიგში ორგანიზებაში ჩართულია ის ხალხი და კითხვები მათ უნდა დაუსვათ,"- აცხადებს პარტია ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.

პარტია ”ლელო - ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი სიორიძე: - "ჩვენ ვემზადებით ზეიმისთვის, ჩვენი პარტია მარშით გაემართება მარჯანიშვილიდან რუსთაველისაკენ".