იარაღები, მანქანები და დიდძალი ქონება - ვინ არის გიორგი ქემოკლიძე, რომელიც სუს-მა დააკავა?
1760100600
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, კულტურის სფეროს წარმომადგენლები ღირსებისა და ბრწყინვალების ორდენებით დააჯილდოვა.
დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, მთავრობის მეთაურმა სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენილ ხელოვანებს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა მათი შემოქმედებითი საქმიანობის მნიშვნელობას ქვეყნის მრავალფეროვანი კულტურის კიდევ უფრო გამდიდრებაში.
“საყოველთაოდ ცნობილი ჭეშმარიტებაა, რომ ნებისმიერი ერის იდენტობის ჩამოყალიბებაში კულტურას, შემოქმედებას, ხელოვნებას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის და, რა თქმა უნდა, ასეა საქართველოშიც. საუკუნეების მანძილზე კულტურა იყო სწორედ ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტი, რაზეც შენდებოდა და რამაც დღემდე შეგვინარჩუნა და შეგვინახა ჩვენი ეროვნული იდენტობა. ჯილდოზე წარდგენილ ხელოვანთა სია თავისთავად მეტყველებს ჩვენი კულტურის სიმდიდრესა და მრავალფეროვნებაზე: რეჟისორები და პოეტები, კომპოზიტორები და მომღერლები, მხატვრები, მოქანდაკეები და ქორეოგრაფები, შემსრულებლები და ჩვენი უნიკალური ფოლკლორის ყველა მკვლევარი - თითოეული თქვენგანი, თქვენი განუმეორებელი ხელწერით, საქართველოს ერთიან, მრავალხმიან კულტურულ პორტრეტს ქმნით.
თქვენი შემოქმედება სცილდება პირადი წარმატების ფარგლებს. ეს არის საქმე, რომელიც ემსახურება მთლიანად ჩვენი ქვეყნის კულტურის განვითარებას და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის წინსვლას. თქვენ აკეთებთ ეროვნულ საქმეს და ამავდროულად, საკაცობრიო ფასეულობებზე ზრდით მომავალ თაობებს, მსოფლიოს უყვებით საქართველოს ისტორიას თუ დღევანდელობას, განამტკიცებთ ჩვენს ღირსეულ ადგილს ცივილიზებულ ერთა ოჯახში.
სახელმწიფო ჯილდო, რომელიც თქვენ გადმოგეცემათ, არის ამ ღვაწლის მხოლოდ მოკრძალებული აღიარება”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც წარსულში კულტურის სფეროს ხელოვნური განადგურებისკენ იყო მიმართული და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ქართული კულტურის აღორძინებისთვის ყველაფერს გააკეთებს.
“გასული საუკუნის 60-70-იან წლებში კულტურული აღორძინების ხანა, როდესაც განსაკუთრებით განვითარდა საქართველოში შემოქმედების ყველა სფერო. შემდეგ იყო 90-იანი წლები. ამის შემდეგ იყო გარკვეული წლები, როდესაც ხელოვნურად ხდებოდა კულტურის სფეროს განადგურება და ამას ჰქონდა კონკრეტული პოლიტიკური მიზნები. ხელოვნურად იქმნებოდა ფსევდოელიტა და რეალურად არ ხდებოდა ზრუნვა კულტურის განვითარებაზე, რამაც შექმნა საკმაოდ რთული მდგომარეობა ხელოვნების, კულტურის, შემოქმედებით სფეროში. მინდა, ყველას გისურვოთ ჩვენი კულტურის აღორძინება. ამაში თქვენ განსაკუთრებული როლი გაკისრიათ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ საქართველოში კულტურის განვითარებასა და ქართული კულტურის აღორძინებაზე”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კულტურის სფეროს წარმომადგენლებს სახელმწიფო ჯილდოები საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გადასცა. ხელოვანებს კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მადლობა გადაუხადეს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ. კულტურის სფეროში გამორჩეული მიღწევებისთვის ღირსებისა და ბრწყინვალების ორდენებით 24 ხელოვანი დაჯილდოვდა.