პრეზიდენტად როდესაც იწოდები, გამოდიხარ ნებისმიერი ტრიბუნიდან, ქვეყნის ინტერესებზე უნდა ილაპარაკო, მაგრამ არა გვარამიას, მელიას თუ ხაბეიშვილის ინტერესებით ხელმძღვანელობდე - ვოლსკი

ვოლსკი

ევროპარლამენტში მოწყობილ პერფორმანსს რაც შეეხება, ეს იყო ყველაზე ცუდი და დამამცირებელი რამ, რაც შეიძლება ასეთ რთულ ვითარებაში მოაწყო, იაფფასიანი ე.წ. „კარწინკა“, როგორც თვითონ იძახიან, დამამცირებელი მთელი ქართული საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს ხალხი მხოლოდ ისინი ჰგონია, ვინც მას აგინებდა, ლანძღავდა და მხარს არ უჭერდა, ჯობდა, ოპოზიციაზეც და უმრავლესობის მხარდამჭერებზეც ერთნაირად ესაუბრა და ხალხი არ დაერქმია მხოლოდ იმ ნაწილისთვის, რომელიც მას დღეს მიაჩნია გადამწყვეტ მასად.

„საქართველოს პრეზიდენტად წოდებული ადამიანისთვის არცერთ ამ პოლიტიკურ ჯგუფს და ამ პოლიტიკური ჯგუფის მხარდამჭერებს არჩევნების დროს ხმა არ მიუციათ. სალომე ზურაბიშვილი გამოდის და ისეთი ადამიანების პოზიციას გამოხატავს, რომლებსაც მისთვის არასდროს არ მიუციათ ხმა და პირიქით, უშვერი სიტყვებით ლანძღეს ყველა პლატფორმაზე, სადაც ეს შესაძლებელი იყო. აქედან გამომდინარე, მისი განცხადების გულწრფელობა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშაა. ხალხი მხოლოდ ისინი ჰგონია, ვინც მას აგინებდა, ლანძღავდა და მხარს არ უჭერდა. თუ მისთვის ხალხია ის, ვინც მას არათუ მხარი დაუჭირა, არამედ გვერდით დაუდგა არჩევნების დროსაც და შემდგომ, სანამ ის თავად არ შეიცვლიდა პოზიციას? იქნებ, ჯობდა, ორივე ნაწილზე, ოპოზიციაზეც და უმრავლესობის მხარდამჭერებზეც ერთნაირად ესაუბრა და ხალხი არ დაერქმია მხოლოდ იმ ნაწილისთვის, რომელიც მას დღეს მიაჩნია გადამწყვეტ მასად, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი სახელმწიფო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, გაყალბებული არჩევნების თემაც აბსოლუტურად უსაფუძვლოა და სიცრუეა, რომელსაც შეიძლება, თაღლითობა დაერქვას.

„როდესაც გამოდიხარ და პრეზიდენტად იწოდები ნებისმიერი ტრიბუნიდან, რასაკვირველია, ხალხზე, მათ განწყობებსა და ქვეყნის ინტერესებზე უნდა ილაპარაკო, მაგრამ არა გვარამიას, მელიას თუ ხაბეიშვილის ინტერესებით საუბრობდე და ხელმძღვანელობდე. რაც შეეხება პერფორმანსს, ყველაზე ცუდი და დამამცირებელი რამე, რაც შეიძლება ასეთ რთულ ვითარებაში მოაწყო, ეს იყო. ეს იყო რაღაც იაფფასიანი, ე.წ. „კარწინკა“, როგორც თვითონ იძახიან, დამამცირებელი მთელი ქართული საზოგადოებისთვის. ვითომ, შეიძლება, გავლენა იქონიოს რამდენიმე ადამიანის მიერ საქართველოს დროშის აფრიალებამ, იმ დროშის, რომელსაც არც პატივს სცემენ და საქართველოც ემეტებათ დასანგრევად, ეკონომიკური იქნება თუ ფიზიკური ნგრევისთვის. ეს ორივე თემა მათ პოლიტიკაშია წინა პლანზე წამოწეული და დღეს რაღაც დროშები ასწიეს. ის დროშები, რომელსაც არც პატივს სცემენ და არც საქართველოს მომავალი ენაღვლებათ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, 29 დეკემბერს საზოგადოებას მორიგი პერფორმანსი ელოდება.

„ბევრი ფიქრობს, საზოგადოებაშიც, პოლიტიკურ სტრუქტურებში, არა მარტო უმრავლესობის წარმომადგენლობაში, რომ საქართველოს ეს სირცხვილი კიდევ არ უნდა დაემართოს. ეს არ არის მხოლოდ „ქართული ოცნების“ სივრცეში მოარული აზრი. ბევრი ადამიანია, ვინც ოპოზიციას უჭერს მხარს, მაგრამ რასაკვირველია, საქართველოს მიმართ განწყობები აქვს განსხვავებული იმისგან, რაც შეიძლება უსამშობლო პრეზიდენტს ჰქონდეს. იმედი გვაქვს, რომ კიდევ იმაზე უფრო დაბალი ფსკერი აღარ არსებობს, სადაც ჩავარდა და იქით კიდევ სივრცე აღარ არის დარჩენილი. ასეთი იმედი გვაქვს. რასაკვირველია, თუ ეს იმედი გამართლდება, საქართველო სირცხვილისგანაც გადარჩება და მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილისთვისაც ეს იქნება ბოლო წერტილი, წითელი ხაზი, რომელსაც გადაკვეთს და უკან ვერანაირად ვეღარ შემობრუნდება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.