პრემიერთან განვიხილეთ ყველა ნიუანსი, დავაფიქსირეთ ყველა პრობლემა, მთავრობა მუშაობს ნაბიჯებზე, რომ მორჩეს ის, რაც ქვეყანაში ხდება და ვნებს ბიზნესს - თეა ზაქარაძე

თეა ზაქარაძე

განვიხილეთ ყველა ნიუანსი, იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა, გულწრფელად გეუბნებით. ყველა ის პრობლემა, რაც დღეს ქვეყანაშია, დავაფიქსირეთ, – ამის შესახებ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ზაქარაძის თქმით, პრემიერის მხრიდან გაცემული იყო ძალიან კონკრეტული პასუხები.

„პრემიერმა ძალიან დეტალურად ისაუბრა. შეხვედრამდე მე არ ვსაუბრობდი ახალ არჩევნებზე, მე თქვენ გითხარით, რომ აუცილებელია, გადაიდგას რაღაც ნაბიჯები, რომ მორჩეს ეს, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, რაც ვნებს ბიზნესს. ამ ნაბიჯებზე მთავრობა მუშაობს“, – განაცხადა თეა ზაქარაძემ.

თეა ზაქარაძემ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა: „პოლიტიკაში ვერ ჩავერევი, ქვეყანას, ბიზნესს, ავიაციას სჭირდება სიმშვიდე და სტაბილურობა, გამოსავალი ახალი არჩევნები იქნება, თუ რაც იქნება, ეს ნაბიჯი სახელმწიფომ უნდა გადადგას“.