პრემიერი: მზად ვართ, ჩავიხედოთ ყველაფერში - საერთოდ გავაუქმეთ კერძო სუბიექტების მიერ ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელების და ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის პრაქტიკა, სადაც გვქონდა ეჭვები, ზომებიც მივიღეთ

პრემიერი

გასული 2 წლის განმავლობაში ჩვენ უამრავი ზომა მივიღეთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად აგვერიდებინა ყველანაირი საფრთხე, რომელიც დაკავშირებულია კორუფციასთან, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, კითხვები არსებობდა ჩანაცვლებით თერაპიასთან, ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით სახელმწიფომ შესაბამისი ზომები მიიღო.

„საერთოდ გავაუქმეთ კერძო სუბიექტების მიერ ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელების და ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის პრაქტიკა. სადაც გვქონდა ეჭვები, იქ ზომებიც მივიღეთ. ამ 2 წლის განმავლობაში ჩვენ უამრავი ზომა მივიღეთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად აგვერიდებინა ყველანაირი საფრთხე, რომელიც დაკავშირებულია კორუფციასთან. ეს არის ჩვენი მიდგომა. არსად თვალს არ დავხუჭავთ, არაფერთან დაკავშირებით, წარსულში იყო ეს, დღეს არის თუ ხვალ. მოგვაწოდეთ ნებისმიერი ინფორმაცია, თუ გაქვთ ეჭვები კორუფციის შესახებ და მზად ვართ, რომ ყველაფერში ჩავიხედოთ, ყველაფერში ჩავერიოთ და ყველაფერზე გაგცეთ პასუხი“, - განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა.