პოლიცია მხოლოდ იმ შემთხვევაში იყენებს სპეციალურ საშუალებებს, როდესაც შეკრება-მანიფესტაცია ხდება ძალადობრივი - ალექსანდრე დარახველიძე

ალექსანდრე დარახველიძე

საზოგადოებას აწვდიან არასწორ ინფორმაციას, რომ თითქოს შეუძლებელია და აკრძალულია ერთდროულად წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენება - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ „რუსთავი 2“ -ის ეთერში, გადაცემა „დღის კურიერში“ საუბრისას განაცხადა. 

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ  განმარტა,  არც პოლიციის შესახებ კანონი, არც მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტი, რომელიც საჯაროდ არის ხელმისაწვდომი,  მსგავს ქმედებას არ კრძალავს. 

„კონკრეტული მედია საშუალების - „ტვ პირველის" მხრიდან, მიზანმიმართულად ხდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. სამწუხაროდ, ამ პროცესში მას ხელს უწყობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ ცრუობენ და საზოგადოებას აწვდიან არასწორ ინფორმაციას, თითქოს მსგავს კანონდარღვევას ჰქონდა ადგილი.  მინდა, რომ  საზოგადოებას ნათლად განუმარტო, თუ რაშია საქმე.

პოლიცია მხოლოდ იმ შემთხვევაში იყენებს სპეციალურ საშუალებებს და ძალას, როდესაც შეკრება-მანიფესტაცია უკვე ხდება ძალადობრივი ხასიათის და ადგილი აქვს თავდასხმა, თუნდაც სახელმწიფო ინსტიტუტებზე,  კონკრეტულ მოქალაქეებზე.  ამ შემთხვევაში, ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა, რომ დავიცვათ საზოგადოებრივი წესრიგი და უზრუნველვყოთ აქციის მშვიდობიანი მართვა.  ამ შემთხვევაში, პოლიციის შესახებ კანონით, რომელიც ჯერ კიდევ 2013 წელს არის მიღებული, გაწერილია სპეციალური საშუალებების დეტალური ჩამონათვალი, მათი გამოყენების წესი,  პირობები.

მათ შორის, მითითებულია, რომ მასობრივი არეულობების დროს და ძალადობრივი ქმედებების დროს, პოლიციას აქვს უფლება გამოიყენოს, როგორც ცრემლსადენი გაზი, ასევე წყლის ჭავლი და სხვა სპეციალური საშუალებები“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.