პარლამენტმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტის ფოიე

პარლამენტმა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა და მესამე მოსმენით, 80 ხმით მხარი დაუჭირა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივა სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი კირცხალიამ წარადგინა.

ცვლილებების თანახმად, პოლიტიკური პარტია და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირი ვეღარ შეძლებს საქართველოში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისგან ან/და პირთა სხვა სახის გაერთიანებისგან ლექციის, სემინარის, ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების სახით მიიღოს შემოწირულება.

საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, აუცილებელი იქნება შესაბამისი უცხოური წყაროსგან მისაღები გრანტის თაობაზე საქართველოს მთავრობის ან მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა. თანხმობის გარეშე გრანტის მიღება ითვალისწინებს პასუხისმგებლობას.

გრანტის მიღების მონიტორინგს სსიპ ანტიკორუფციული ბიურო უზრუნველყოფს. მომხსენებლის ინფორმაციით, გრანტის მიღებასთან დაკავშირებული წესები გავრცელდება ასევე, ფულადი ან ნატურალური ფორმით უსასყიდლოდ გადაცემულ იმ სახსრებზე, რომელიც თავის ბუნებით წარმოადგენს გრანტს.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.