პარლამენტის საშემოდგომო სესია 2 სექტემბერს გაიხსნება

პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი საშემოდგომო სესიას ხვალ, 2 სექტემბერს გახსნის.

პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება და დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.

საშემოდგომო სესიის პირველი კვირა საკმაოდ დატვირთული იქნება. საკანონმდებლო ორგანო დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ფორმატში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტიდან ანრი ოხანაშვილის გადადგომის თაობაზე განცხადების შესახებ იმსჯელებს, საკითხის ცნობად მიღება კი, პლენარულ სხდომაზე მოხდება.

პარლამენტი აირჩევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელსაც. თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის არჩევას, სულ მცირე, 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება. სავარაუდოდ მამუკა მდინარაძეს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტიც მოუსმენს.

საშემოდგომო სესიის დღის წესრიგშია პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხიც. ამ თემაზე დღეს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს, საკითხი მოგვიანებით კენჭისყრისთვის პლენარულ სხდომას წარედგინება.

ამასთან, პარლამენტის პლენარულ სხდომას წარედგინება „2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ დასკვნაც. დასკვნა 430-გვერდიანია და მისი გადაგზავნა იგეგმება საკონსტიტუციო სასამართლოსთვის.

პარლამენტის მიმდინარე კვირის დღის წესრიგს ბიურო განსაზღვრავს, რომელიც დღეს გაიმართება.