პაატა სალია: ორმხრივი შეხვედრა გვქონდა უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან. მივიღეთ მოწვევა შემოდგომაზე, როდესაც ახალი პენიტენციური დაწესებულება გაიხსნება უნგრეთში, რომელშიც გამოყენებული იქნება უახლესი ტექნოლოგიები

პაატა სალია

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, პაატა სალიას განცხადებით, მას უნგრეთში მიმდინარე სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა ჰქონდა შინაგან საქმეთა მინისტრთან.

როგორც პაატა სალიამ „ქრონიკასთან“ საუბრისას აღნიშნა, სხვადასხვა საკითხებთან ერთად შეხვედრაზე საუბარი იყო ასევე იმაზე, თუ როგორ არის მოწყობილი პენიტენციური სისტემა უნგრეთში.

„დღეს გვქონდა ორმხრივი შეხვედრა მიმდინარე სამიტის ფარგლებში უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან, პენიტენციური სისტემა უნგრეთში არის შინაგან საქმეთა სამინისტროში შემავალი უწყება. შესაბამისად, მასთან გვქონდა ურთიერთგაცვლა ჩვენი გამოცდილების. ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოვისმინეთ, მივიღეთ მოწვევა შემოდგომაზე, როდესაც ახალი პენიტენციური დაწესებულება გაიხსნება უნგრეთში, რომელშიც გამოყენებული იქნება უახლესი ტექნოლოგიები. ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რაც არსებობს აღნიშნულ სფეროში. ჩვენ ხაზი გავუსვით იმას, რომ 2012 წლის შემდეგ არ ყოფილა არცერთი შემთხვევა ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში, რომელიც შეეხებოდა პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებათა შელახვას, რაც მათთვის, რა თქმა უნდა, სასიამოვნო სიურპრიზი იყო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რასაც ევროინტეგრაცია ჰქვია. ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი შეხვედრები, ისეთი ქვეყნის გამოცდილება, როგორიც არის უნგრეთი იმისთვის, რომ ჩვენ სწორი მიმართულებით ვიმოძრაოთ და შესაბამისად, დავუახლოვდეთ უფრო ევროკავშირს.

ამ შეხვედრაზე საუბარი იყო ასევე იმაზე, თუ როგორ არის მოწყობილი პენიტენციური სისტემა უნგრეთში. როგორ ხდება სამედიცინო მომსახურების გაწევა პატიმრებისთვის, მათი რესოციალიზაციის სხვადასხვა ღონისძიებებზე იყო საუბარი. ჩვენ გავცვალეთ ერთმანეთში ეს გამოცდილება და საქართველო აუცილებლად გაიზიარებს უნგრულ გამოცდილება. ასევე ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა პენიტენციური სისტემის გაჯანსაღებასა და გაუმჯობესებაში“, - აღნიშნა პაატა სალიამ.