ოპოზიციის წევრებს ქვეცნობიერი ღალატობთ, რაღაც კონკრეტული კითხვის დასმისას, სიტყვა გაურბით და აღიარებებს აკეთებენ - დავით მათიკაშვილი ბორის ჩელე ყურუას განცხადებაზე

დავით მათიკაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ოპოზიციის წევრებს "ქვეცნობიერი ღალატობთ", კონკრეტული კითხვის დასმისას "სიტყვა გაურბით" და "აღიარებებს აკეთებენ".

მისი თქმით, ოპოზიციამ, გამოცხადებული ომით, უცხოური დაფინანსებით და პოლიციელების დაზიანებითაც კი ვერ შეძლო სურვილების განხორციელება და ვერც მომავალში შეძლებს.

"აღიარებებს ჩვენ დროთა განმავლობაში ვისმენთ. ეტყობა, ქვეცნობიერი ღალატობთ და რაღაც კონკრეტული კითხვის დასმისას სიტყვა გაურბით. რეალურად, ეს ასე იყო და ამ ფრაზის ავტორმაც ძალიან კარგად იცის და მთელმა საქართველომაც. არა მხოლოდ, იმ პირებმაც იციან, რომლებიც დავალებებს აძლევენ აქ რადიკალებს. ის გამოცხადებული ომითაც კი, რომელიც თბილისის ქუცებში მიდიოდა, სამწუხაროდ, უცხოეთიდან დაფინანსებით და უამრავი პოლიციელის დაზიანებითაც ვერ შეძლეს საკუთარი სურვილების განხორციელება", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

"გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრმა, ბორის ჩელე ყურუამ, ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ, რევოლუციის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, დღეს ადამიანები ისჯებიან.