ოპოზიციამ თავისი მოღვაწეობა მელიქიშვილის გამზირზე, პრაქტიკულად, დაასრულა, თავის მომხრეებს ჯაფარიძის სახით გაუგზავნა შეტყობინება, ახლა დავისვენოთო - მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

ოპოზიციამ თავისი მოღვაწეობა მელიქიშვილის გამზირზე, პრაქტიკულად, დაასრულა, როდესაც თქვა, რომ სულ რაღაც რამდენიმე ათეული დავრჩით და ახლა გმირულად დავეცით მელიქიშვილის გამზირზეო. თავის მომხრეებს ჯაფარიძის სახით გაუგზავნა შეტყობინება, ახლა დავისვენოთო. ეს არის დასასრული, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციას ვეღარც საკონსტიტუციო სარჩელის დაწერა უშველის.

„ოპოზიციის ასეთი დასასრული ჩვენ ვიწინასწარმეტყველეთ. ვერ ვხედავთ ისევ და ისევ 61 განცხადებას უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით. ოპოზიციამ თავისივე ამომრჩეველი, როგორც ყოველთვის, მოატყუა. ეუბნებოდა, რომ ისინი პარლამენტში არ შევიდოდნენ, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ 61 განაცხადს, სადაც ისინი იტყვიან, რომ ჩვენ, 61 ოპოზიციონერი დეპუტატი უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებებს კანცელარიას ჩავაბარებთ. უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირდებით სად არის 61 განცხადება. ამას სთხოვს ოპოზიციას თავისივე ამომრჩეველი. ნურას უკაცრავად, ახლა თქვეს, ჩვენ დავიღალეთ, დავისვენებთო, შემდეგ ახალ წლებზე გადავიტვირთებითო, რა თქმა უნდა, ხელფასებს მივიღებთო და მერე თებერვალში ვნახავთ, რას გავაკეთებთო.

მგონი, არავის არაფერი დაუშლია. ჩვენ ვნახეთ, ვაშაძე რომ გამოდიოდა, ძირითადად ჟურნალისტებს და ოპერატორებს ელაპარაკებოდა და მის უკან იდგა ერთი-ორი ადამიანი. როცა მიხვდნენ, რომ მეგაფონით საუბარს აზრი არ ჰქონდა, თქვეს, მოდით, წავიდეთ ერთმანეთს სახლში ველაპარაკოთო. ლიდერები წავიდნენ, თორემ არავინ დაშლილა, იქ არავინ არ იყო. როცა „გირჩი“ ჯაფარიძე საუბრობდა, მაშინაც არავინ არ იყო არც აქციაზე და არც მის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამვლელი მოქალაქეების გარდა. როგორც განცდა ჰქონდა ყვარყვარე თუთაბერს, რომ თვითონ მიუძღვოდა ჯარს და რეალურად, ჯარი თავისით მიდიოდა და თვითონ ჩაუდგა სათავეში, ეს ხალხი ასეა. ჰგონიათ, რომ მათ ვინმე უჯერებს. ვერასოდეს ვერავინ ვერ დაუჯერებს, რადგან ესენი კაცთმოძულე ადამიანები არიან. რაც ყველაზე მთავარია, ვერავითარი მტკიცებულებები ვერ მოაქვთ ვერც არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით და ვერც იმასთან დკავშირებით, რომ მათ რაიმე ტიპის გეგმა აქვთ. ამ ხალხის ერთადერთი გეგმაა საქართველოს სუვერენიტეტის უცხოელებისთვის ჩაბარება, მათ როცა აფრინეს წერილი უცხოეთში, რომ ყველაფერი საქართველოსი თქვენი იყოს, ოღონდ ჩვენ მოგვიშვით ხელისუფლებაშიო, მოსამართლეები თქვენ დანიშნეთ, პარლამენტის წევრები თქვენ აირჩიეთ, მთავრობა თქვენ დანიშნეთ და რაც გინდათ, ის გააკეთეთ, ოღონდ ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაშიო. ანუ, ოპოზიციის გეგმაა უცხოელებისთვის სუვერენიტეტის ჩაბარება, რაც გაჟღერდა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მელიქიშვილის გამზირზე აქცია დღეს გამთენიისას დაიშალა. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ აქციის მონაწილეებს მიმართა: „პოლიციამ ახლა შეცვალა სტრატეგია, მელიქიშვილის გამზირს გვაკეტინებენ და ამბობენ, ეს პრობლემა არ არისო. მეორე დღეს კიდევ აქ დგომა და მელიქიშვილის გადაკეტვა შინაარსს მოკლებულია, რადგან მათთვის დისკომფორტი ეს არ არის. ახლა დავიშალოთ, წავიდეთ, დავისვენოთ, დღის განმავლობაში გადავიგეგმებით და შეგატყობინებთ შემდეგ ნაბიჯს, რას გავაკეთებთ“.