ოპოზიცია უნდა მიხვდეს და შევიდეს პარლამენტის პირველ სხდომაზე, დასხდნენ იქ და დაიწყონ მუშაობა - რაქვიაშვილი

რაქვიაშვილი

ჩემი აზრით, ოპოზიცია უნდა მიხვდეს და შევიდეს პირველ სხდომაზე, უბრალოდ ყველა უნდა შევიდეს, დასხდნენ იქ და დაიწყონ მუშაობა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

„ოღონდ, მე მესმის, რომ არანაირი ხაზარაძე იქ არ შევა. ერთხელ გაექცა ზარქუას ბულინგს, ისე გაექცევა მეორეჯერ“, – აღნიშნა რაქვიაშვილმა გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“.

ამასთან, რაქვიაშვილის თქმით, ოპოზიციამ უნდა აღიაროს შეცდომები და აიღოს პასუხიმგებლობა.

„რობესპიერს თავი ხომ მოჭრეს ბოლოში, ისე აქვს თავი მოსაჭრელი ამ ოპოზიციას. ბელადები, ყველა მოსაკვეთია ამ სიტუაციიდან. თუ ვინმე ადეკვატურია ამ ოპოზიციურ ველზე, ჟურნალისტებიდან დაწყბეული, პარტიის წევრებიდან, თუ ვინმეს რამე აზრი მოეკითხება, უნდა გაუშვან შორს ეს ხალხი პირდაპირ, საჯაროდ და შევიდნენ პარლამენტში და გრძელვადიანი თამაში დაიწყონ. აღიარონ შეცდომები, შეცდომები მათ შორის, გვარამია რომ გამოდიოდა და პარადი რომ ჰქონდა მოწყობილი, 4 000 დამკვირვებელი გვეყოლებაო და მელია რომ ამბობდა, ვერაფერს გააყალბებენ, ფარულობა დაცული იქნებაო – ხომ ჩაფლავდა. უნდა აიღონ პასუხისმგებლობა, თქვან, რომ ბოდიში, ქართველო ხალხო, ბოდიში, მილიონო ამომრჩეველო, რომ ვერ გავამართლეთ თქვენი იმედები, წავაგეთ, ეს რეჟიმი გვაქვს, რაც გვაქვს, უარესი რეჟიმი არსებობდა და უკეთესიც არსებობს. მოდი, გრძელვადიანი თამაში ვითამაშოთ, რომ მეტი შეცდომა არ დავუშვათ.

პარლამენტი არის შენობა, სადაც ზის ხალხი, იქ არის უმრავლესობა, რომელიც მართავს ამ ქვეყანას. ქართველი ხალხი ამ ხალხს ემორჩილება იმიტომ, რომ გადასახადებს უხდის, ამ კანონებს იღებს და რაღაც. შენ ამ შენობაში შედიხარ და როცა ეს ხალხი კანონებს იღებს, ამათ ლანძღავ, ეჩხუბები. როდის შემდეგ გახდა დანაშაული, რომ ამ ხალხის გვერდზე დავჯდე და ეს ხალხი ვლანძღო, როცა იღებენ ცუდ კანონებს. ან როდის შემდეგ შემაწუხებს სინდისი,  მოვთხოვო ახალი არჩევნები იმ სავარძლიდან. მაინც და მაინც ამ სტუდიაში უნდა ვიჯდე და ვითხოვო არჩევნები და 20 მეტრში რომ გადავიდე, იმ სავარძელში დავჯდე, იქ ვეღარ მოვთხოვ ახალ არჩევნებს და ვერ ვიტყვი, გაჟონაო? იმასაც ვიტყვი, უბრალოდ, რა პრობლემაა, რომ იქ ვიჯდე“, – აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.