ოპოზიცია უკვე დიდი ხანია დაპირისპირებულია ქართველ ხალხთან - შალვა პაპუაშვილი

 შალვა პაპუაშვილი

რა თქმა უნდა, ოპოზიცია უკვე დიდი ხანია დაპირისპირებულია ქართველ ხალხთან, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია 29 აპრილს ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვას.

„მათ [ოპოზიციას] აქვთ ზიზღის კამპანია. რა თქმა უნდა, ამ ზიზღის კამპანიას ქართველი ხალხი არ იღებს და ხედავენ ამას. საბოლოო ჯამში, ქართველ ხალხთან დაპირისპირება არავის გამოსვლია, ვინაიდან ქართველი ხალხია წყარო ძალაუფლების და სწორედ ამიტომაც, მნიშვნელოვანია 29 აპრილს ხელისუფლების ამ წყარომ, ქართველმა ხალხმა თავისი სიტყვა თქვას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნება“ მხარდამჭერების თხოვნით 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრებას ჩაატარებს. „ერთად ვუთხრათ არა - შავ ფულს და ერთად ვუთხრათ კი - გამჭვირვალობას, ჭეშმარიტ ევროპულ გზას, დამოუკიდებელ და სუვერენულ საქართველოს!“ - ვკითხულობთ მმართველი გუნდის ერთობლივ განცხადებაში. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ საკითხის ირგვლივ ოპოზიციის მიერ გამოხატული აჟიოტაჟი მორიგი დასტურია იმისა, რომ მათთვის ქართულ ეროვნულ ღირებულებებზე მდგარი საზოგადოება შიშისმომგვრელია.