ოდიოზურმა ევროპარლამენტარების ჯგუფმა, ფაქტობრივად დააინიცირა რუსული რეზოლუცია, ვალდებულია ნებისმიერი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელმა დაგმოს ეს რეზოლუცია და პირველ რიგში მისი ავტორები - რატი იონათამიშვილი

რატი იონათამიშვილი

ევროპარლამენტის რეზოლუციის ერთ-ერთ ვერსიაში, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის მიერ არის მომზადებული, აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ არის მოხსენიებული.

უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ცალკე მოხსენიება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ორმაგ სტანდარტს, რეზოლუცია კი პოლიტიკური სპეკულაციის ნაწილია.

"ამ ოდიოზურმა ევროპარლამენტარების ჯგუფმა, ფაქტობრივად დააინიცირა რუსული რეზოლუცია, სადაც, ერთი მხრივ, საუბარია, რომ თითქოს აფხაზეთი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და სხვა პუნქტებში საუბრობენ საქართველოს დასანქცირებაზე. შესაბამისად, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს ადამიანები არიან "ნაციონალური მოძრაობის" არა მხოლოდ მოკავშირეები, არამედ - მათ მფარველებიც. ვალდებულია რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი წარმომადგენელი, გამოვიდეს და დაგმოს ეს რეზოლუცია და, პირველ რიგში, მისი ავტორები. თუ ამას არ გააკეთებენ, ფაქტი იქნება ეს აღიარებითი ჩვენება, რომ რადიკალური ოპოზიცია არის რუსული ოპოზიცია და ისინი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მოქმედებენ,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

დოკუმენტში, რომლის ავტორებად რამდენიმე ევროპარლამენტარია მითითებული, მათ შორის, მირიამ ლექსმანი, მაიკლ გელერი, დევიდ მაკალისტერი და ანდრიუს კუბილიუსი სამოტივაციო ნაწილში წერია: "კანონპროექტი მოდელირებულია მსგავსი კანონიდან, რომელიც 2012 წელს მიიღო რუსეთმა, ცოტა ხსნის წინ კი ყირგიზეთმა და აფხაზეთმა". ჩანაწერი შეჯერებულ ვარიანტში აღარ არის, მაგრამ შესწორება არ შესულა ინიცირებულ პროექტში.