1756843001
ნინო წილოსანი ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე: არ მოველით რაიმე არასწორ გადაწყვეტილებას ევროკავშირისგან, იმიტომ რომ ეს ევროკავშირია და არა საბჭოთა კავშირი

არ მოველით რაიმე არასწორ გადაწყვეტილებას ევროკავშირისგან, იმიტომ რომ ეს ევროკავშირია და არა საბჭოთა კავშირი, - განაცხადა ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკაში“ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების საკითხზე საუბრისას.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი ქვეყნის ინტერესების მნიშვნელობას ვერ გადაწონის.
„31 აგვისტოს ალბათ ბევრი სულგანაბული ელოდებოდა. ვხედავდით, როგორ გულშემატკივრობდნენ ჩვენი ოპონენტები, რომ რაც შეიძლება მძიმე გადაწყვეტილება თუ განცხადებები მოჰყოლოდა ამას და ყოფილიყო საუბარი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასა და გაუქმებაზე. ვფიქრობ, ერთი სიტყვით პასუხი გასცა ქართველმა ხალხმა, რომ ვიზალიბერალიზაცია ვერ გადაწონის ამ ქვეყნის ინტერესებს“, - განაცხადა წილოსანმა.
მისივე თქმით, ევროკომისიის ანგარიშებიც ადასტურებს, რომ საქართველო არის უსაფრთხო და დაცული ქვეყანა, რომელსაც აქვს ძლიერი სასამართლო სისტემა და ა.შ. და ამ მაჩვენებლებით ქვეყანა ევროპის საუკეთესო ოცეულშიც კი ხვდება. წილოსანი აღნიშნავს, რომ ამ ფონზე და საქართველოს მიერ ვალდებულებების შესრულების გათვალისწინებით, ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაზე საუბარს ახსნა არ აქვს.
„არ არსებობს კავშირი ოჯახურ ღირებულებებსა და ვიზალიბერალიზაციას შორის“, - დასძინა წილოსანმა.