ნინო წილოსანი: ამ ქვეყანაში კანონი თავის ადგილზე იქნება და ნებისმიერი ადამიანი, ვინც მას დაარღვევს, დაისჯება - ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს იმაზე ფიქრიც კი, რომ შეიძლება სახელმწიფო ინსტიტუციებს რევოლუცია მოუწყო

ნინო წილოსანი

ამ ქვეყანაში კანონი თავის ადგილზე იქნება და ნებისმიერი ადამიანი, ვინც კანონს დაარღვევს, დაისჯება. ეს იქნება პრევენციის მატარებელი, რადგან ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს იმაზე ფიქრიც კი, რომ სახელმწიფო ინსტიტუციებს შეიძლება რევოლუცია მოუწყო, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა.

როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, ამჟამად ქვეყანაში შიდა რყევები სრულად აღმოფხვრილია.

„რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ის აქციები, რომელიც ასე კარგად იყო ორგანიზებული, ამ ადამიანების აქტიური ჩართულობით ასე ვთქვათ მიმდინარეობდა?! ისინი თავად აცხადებდნენ, რომ ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, აქციებს „კვებავდნენ“. გავიხსენოთ „ნანუკას ფონდი“, რომელიც პირდაპირ „კვების“ ფულს აგროვებდა, მაგრამ ეს არ იყო ფიზიკური კვება, ეს იყო იდეოლოგიური და მათ შორის იმ მატერიალური ნივთებით უზრუნველყოფა, რომელიც ამ აქციებს თავის შინაარსს აძლევდა. როდესაც პოლიტიკური პარტიების ოფისები დაილუქა და პიროტექნიკა ამოიღეს, აქციები მომენტალურად მართვად მოცემულობაში გადავიდა და ექსტრემიზმი მოაკლდა.

ახლა, როგორც არ უნდა იკეკლუცონ, რომ მაგისტრი მოსამართლის წინაშე მისცემენ ჩვენებას, თუ ვის წინაშე მისცემენ, ეს ადამიანები თავიანთი გაცხადებული პოზიციით მონაწილეობდნენ ამ პროცესების ორგანიზებაში. ეს პროცესები იყო თუ არა უკანონო და გულისხმობდა თუ არა სახელმწიფო გადატრიალებას, რა თქმა უნდა ამას გამოძიება დაადგენს. რაც მთავარია, ამ ქვეყანაში შიდა რყევები სრულად აღმოიფხვრა“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.