ნიკა გვარამია: „ლელოს“ გამოსავალი ჯერ კიდევ აქვს, არჩევნებად წოდებული სპეცოპერაციიდან გამოსვლას ვგულისხმობ, თუ ასე არ მოხდა, საშინელი ანტისანიტარია დაისადგურებს ოპოზიციურ პოლიტიკურ და მედიაველზე

ნიკა გვარამია

მესმის ვითარების სირთულე და მიხარია, რომ აქედან გამოსავალი „ლელოს“ ჯერ კიდევ აქვს, თან საკუთარ ხელში – არჩევნებად წოდებული სპეცოპერაციიდან გამოსვლას და გაერთიანებული ოპოზიციის წიაღში დაბრუნებას ვგულისხმობ. არ დავმალავ, სწორედ ამისი იმედი და მოლოდინი მაქვს მამუკასა და ბადრისგან, – ამის შესახებ ნათქვამია პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას პოსტში, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

ნიკა გვარამიას თქმით, თუ ასე არ მოხდა, საშინელი ანტისანიტარია დაისადგურებს ოპოზიციურ პოლიტიკურ და მედიაველზე.

„პირველ რიგში, შეუძლებელია, პატიმარმა სხვა პატიმრებს გათავისუფლება არ მიულოცოს. ამიტომაც სწორედ მილოცვით დავიწყებ; მეორე, სავსებით მესმის ვითარების სირთულე და მიხარია, რომ აქედან გამოსავალი „ლელოს“ ჯერ კიდევ აქვს, თან საკუთარ ხელში – არჩევნებად წოდებული სპეცოპერაციიდან გამოსვლას და გაერთიანებული ოპოზიციის წიაღში დაბრუნებას ვგულისხმობ, ცხადია. არ დავმალავ, სწორედ ამისი იმედი და მოლოდინი მაქვს მამუკასგან და ბადრისგან. თუ ასე არ მოხდა, საშინელი ანტისანიტარია დაისადგურებს ოპოზიციურ პოლიტიკურ და მედიაველზე; მესამე, მძიმე შეცდომაა იმაზე საუბარი, რომ ახლა ბიძინას ტაქტიკაა „დაყავი და იბატონეა“. არა, მეგობრებო. მისი ტაქტიკაა „გააერთიანე და დაამცირე“. არავის ვურჩევდი ბიძინას მიერ დამცირებულთა გაერთიანებაში ყოფნას. ეს დაღუპვის უმოკლესი და უტყუარი გზაა. ასევე, და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, სამშობლოს გადარჩენის დაზიანების და ბიძინას გაძლიერების უტყუარი გზა; და მეოთხე და მთავარი: შეიძლება, ვინმეს უცნაურად და უადგილოდ მოეჩვენოს ამ სიტუაციაში ეს მიმართვა, მაგრამ სწორედ აქ და ახლა მგონია ამის თქმა საჭირო.

მინდა, მივმართო „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ზაზა ოქუაშვილს: ზაზა, თუ მართლა ვცდები და შენი (ჩემთვის აუხსნელი) ქმედებებით არხის პარალიზება ბიძინას თამაში არაა და უბრალოდ ბრაზით გამოწვეული გაუგებრობაა, შეგიძლია, ახლა უმარტივესად დაამტკიცო ეს – მიეცი არხს შეუფერხებლად ფუნქციონირების და მაუწყებლობის აღდგენის შესაძლებლობა. ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, ჩავეხსნათ „მთავარს“ ყველა დამფუძნებელი და არხის კოლექტივმა თავად გადაწყვიტოს, რას და როგორ გააკეთებს. თუ ეს მხოლოდ წყენებია და არა ბიძინას გეგმა, სამშობლოს რომ გადავარჩენთ, მერე გავარჩიოთ ჩვენს შორის (ყველას ვგულისხმობ, მარტო ჩვენ ორს არა) გაუგებრობები. ახლა დავდგეთ პირადზე მაღლა, რადგან ცოტა რამ თუა ახლა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც გავლენებისგან თავისუფალი „მთავარი არხი“, რომელიც 24/7-ზე მხოლოდ პროტესტის სამსახურში იდგება“, – წერს ნიკა გვარამია.