ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არ გამოცხადდება საგამოძიებო კომისიაზე, არღვევს კანონს და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა ამაზე გათვალისწინებული - ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

პარლამენტში დღეს საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება. განიხილავენ ბუტა რობაქიძის საქმეს. ასევე განსახილველ საკითხებს შორისაა - ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული ვითარება 2003–12 წლებში; სამოქალაქო საზოგადოების როლი ამავე პერიოდში და 2012 წლიდან დღემდე მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. დღევანდელ სხდომაზე დაბარებულები არიან კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლები - ნიკა გვარამია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეც, თუმცა ისინი სხდომაზე მისვლას არ აპირებენ.

უმრავლესობაში ამბობენ, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არ გამოცხადდება საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, არღვევს კანონს, რაზეც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული.

"ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არ გამოცხადდება საგამოძიებო კომისიაზე, ამითი არღვევს კანონს და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არის ამაზე გათვალისწინებული. ეს არის ყოვლად მიუღებელი და სახელმწიფო სათანადო პასუხს გასცემს ნებისმიერ ასეთ ადამიანს.

ძალიან მძიმე მოსასმენია იქ რასაც ვისმენთ, რასაც ახალგაზრდები ისმენენ, თუმცა ეს აუცილებელი არის, ვინაიდან სამართლიანი შეფასება უნდა მიეცეს იმ რეჟიმს, ვისაც არ ახსოვს ეს ყველაფერი - გადამეორების კარგი საშუალებაა", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი