1692302192
ნარკოტიკებთან ბრძოლა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, შეურიგებელი ვიქნებით ნარკორეალიზატორების მიმართ, არ შეიძლება, ვინმემ განახორციელოს ნარკოტიკების რეალიზაცია - ირაკლი კობახიძე

ნარკოტიკებთან ბრძოლა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებებიდან მკაფიოდ გამოჩნდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები, უპრეცედენტო მოცულობის ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღო შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
„18 მსხვილი ნარკორეალიზატორი იქნა დაკავებული სპეციალური ოპერაციის შედეგად სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ. შსს-ს ეკუთვნის განსაკუთრებული მადლობა ამ ქმედებებისთვის. არ გავჩერდებით და მომავალშიც ძალიან ქმედითი ნაბიჯები იქნება გადადგმული, რათა მაქსიმალურად შევამციროთ ნარკოტიკების მოხმარება ჩვენს ქვეყანაში და შეურიგებელი ვიქნებით ნარკოტიკების რეალიზატორების მიმართ. ეს ყველამ ძალიან კარგად უნდა დაიმახსოვროს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომელიც უკავშირდება ფსიქოტროპული პრეპარატების იმპორტს ჩვენს ქვეყანაში, რაც იყო ერთ-ერთი წამახალისებელი ფაქტორი ამ მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის. ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ჩანაცვლებითი პროგრამა განხორციელდება მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებების მიერ. აქაც საზოგადოებას ჰქონდა სერიოზული კითხვის ნიშნები პრაქტიკასთან დაკავშირებით, რამდენად სწორი იყო ეს პრაქტიკა. სახელმწიფო დააზღვევს ნებისმიერ მანკიერებას ამ მიმართულებით, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ ვინმემ არალეგალური ან ლეგალური ფორმით განახორციელოს ნარკოტიკების რეალიზაცია ჩვენს ქვეყანაში და ეს ნაბიჯი სწორედ ამ მიზანს ემსახურება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.