მოვუწოდებთ ახალგაზრდებს, ავანტიურისტებს თავი არ გამოაყენებინონ - ირაკლი ქადაგიშვილი

ქადაგიშვილი

 გიული ალასანიას უნივერსიტეტის ირგვლივ მიმდინარე პროცესები, მეორე დღეა, პოლიტიკური შეფასების საგანია.

გავრცელებული ინფორმაციით, სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას უნივერსიტეტი, გამჭვირვალობის კანონის გვერდის ავლით ახდენდა ფინანსების აკუმულირებას.

"ოცნება" ამბობს, რომ ფრანკლინის კლუბის ბაზაზე შექმნილი სასწავლო ცენტრის მეშვეობით, სწორედ "საქართველოს უნივერსიტეტში" ატარებდა ახალგაზრდების ტრენინგს აქციებისთვის.

მათივე განმარტებით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული არეულობისკენ მიმართული ყველა ქმედება.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, უნივერსიტეტის საქმიანობა განსაკუთრებული კონტროლის ობიექტი გახდა.

"ყველაფერი გაშიფრულია და განსაკუთრებული კონტროლის ობიექტად იქცა მათი საქმიანობა. აქედან გამომდინარე, მთავარი მოწოდება მაქვს იმ ახალგაზრდების მიმართ, ვისაც არ აქვს გათვითცნობიერებული, თუ რა ავანტიურისთვის შეიძლება იყოს ეს ჯგუფი გამოყენებული. პირველ რიგში, მათ მოვუწოდებთ, რომ ამ ავანტიურისტებს თავი არ გამოაყენებინონ. სხვა მხრივ, 4 ოქტომბერი არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.