მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევის შემდეგ, ეს თქვენი პირველი ოფიციალური ვიზიტია აზერბაიჯანში - ილჰამ ალიევი მიხეილ ყაველაშვილს

ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანში საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი გრძელდება. მიხეილ ყაველაშვილი მილი-მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდება. მანამდე, ზაგულბას სასახლეში ილჰამ ალიევთან გაიმართა შეხვედრა.

გაკეთდა ერთობლივი განცხადებები. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სტრატეგიულ პარტნიორობასა და თანამშრომლობაზე, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე, შუა დერეფნის განვითარებაზე, ენერგო უსაფრთხოებასა და ერთობლივ პროექტებზე.

"მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევის შემდეგ, ეს თქვენი პირველი ოფიციალური ვიზიტია აზერბაიჯანში. ჩვენ ამას მაღალ შეფასებას ვაძლევთ. ეს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების და ჩვენი მეგობრობის მაჩვენებელია. გვაქვს ერთობლივი პროექტები, რეგულარული კავშირები, პოლიტიკური დიალოგი. ორი მოძმე, მეგობარი ქვეყანა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და საერთაშორისო ორგანიზაციებშიც ყოველთვის მხარს უჭერენ ერთმანეთს. ჩვენ გვაერთიანებს სხვადასხვა პროექტი, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს არა მარტო ჩვენი ქვეყნებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ეს არის ნავთობის და გაზის, ტრანსპორტის, კომუნიკაციების პროექტები. დიდი მნიშვნელობის პროექტებია და არა მარტო სამხრეთ კავკასიის, ევრაზიის სატრანსპორტო რუკას ქმნის. დღეს ჩვენ ევროპის ენერგოუსაფრთხოებაზე თუ ვისაუბრებთ, ეს წარმოუდგენელია საქართველოს გარეშე. აზერბაიჯანი, საქართველოს გავლით 12 ქვეყანაში აწვდის თავის ნავთობსა და გაზს. ჩვენი პროექტები შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია. ჩვენი ქვეყნების ტერიტორიებზე გამავალი ტვირთების ოდენობა იზრდება. მშვიდობა მნიშვნელოვანია, სამწუხაროდ, ათწლეულების განმავლობაში სამხრეთ კავკასია გადაიქცა კონფლიქტების არენად. იმედი მაქვს, მალე დასრულდება ყველა კონფლიქტი. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება და გაღრმავდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც არჩევნების შემდეგ პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში განახორციელა. ამისთვის ჩვენ მადლობლები ვართ", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.