1750275052
მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ბიურო სასამართლოს ბრძანების საფუძველზე ორგანიზაციებისგან არამიზნობრივად ითხოვს მოქალაქეთა პირადი და პროფესიული საიდუმლოების ამსახველ დოკუმენტაციას - რაჟდენ კუპრაშვილი

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აცხადებს, რომ ანტიკორუფციული ბიურო სამართლებრივი საფუძვლების გარეშე ითხოვს მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალური ინფორმაციის გადაცემას. მესამე სექტორის წარმომადგენლების თქმით, ბიუროს მოთხოვნის შესრულებას არ აპირებენ, ამ ბრძანებების წინააღმდეგ კი სამართლებრივ გზებს მიმართავენ.
არასამთავრობო ორგანიზაციებს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი გამოეხმაურა. რაჟდენ კუპრაშვილმა მათ განცხადებას დეზინფორმაცია უწოდა და თქვა, რომ ბიუროს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია არ სცდება საკანონმდებლო უფლებამოსილების ფარგლებს და ეხება მხოლოდ გრანტის მიღების და პოლიტიკურად აქტიური ორგანიზაციების საქმიანობის შესწავლას.
"მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ბიურო სასამართლოს ბრძანების საფუძველზე, მათი ორგანიზაციებისგან არამიზნობრივად ითხოვს მოქალაქეთა პირადი და პროფესიული საიდუმლოების ამსახველ დოკუმენტაციას. ჩვენს მიერ მოთხოვნილი სამართლებრივი და ფინანსური დოკუმენტაცია არ სცდება საკანონმდებლო უფლებამოსილების ფარგლებს, მიმართული არის მხოლოდ გრანტების მიმღები ან პოლიტიკური აქტივობის მქონე ორგანიზაციების საქმიანობის მიზნობრიობის შესწავლისკენ.
ამ პროცესში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სრულად იქნება უზრუნველყოფილი პროფესიული თუ პერსონალური ინფორმაციის დაცულობა. არსებული დეზინფორმაციული კამპანია ემსახურება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და მიზნად ისახავს გამჭვირვალობისკენ მიმართული კანონმდებლობისა და სამართლებრივი პროცესის დისკრედიტაციას. ჩვენი საქმიანობა კვლავაც მიმართული იქნება იმ ორგანიზაციების გამოვლენისკენ, რომელთა აქტივობებიც არ შეესაბამება დეკლარირებულ მიზნებს და რომლებიც ფარულად ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას.
ვინაიდან მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია უკვე სცდება საქართველოს ფარგლებს და მიზნად ისახავს ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტებში არასწორი ინფორმაციის გავრცელებას, ამიერიდან ბიურო გააგრძელებს და უშუალო კომუნიკაცია ექნება ყველა ამ საერთაშორისო ორგანიზაციას, მათ შორის აკრედიტებულ დიპლომატების წარმომადგენლებთან და ამ სამართლებრივ პროცესთან დაკავშირებით ჩვენ უშუალოდ მათ მივაწვდით ინფორმაციას", - აცხადებს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი.