1744808394
მინდა, ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, ელჩებს, მათ შორის ევროკავშირის ელჩს მივმართო, გამოეხმაურონ კომისიის სხდომებზე იმ მსხვერპლთა განცხადებებს, რომლებიც მართლა წამებას აღწერენ - გურამ მაჭარაშვილი

მინდა, ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, ელჩებს, მათ შორის ევროკავშირის ელჩს მივმართო, გამოეხმაურონ კომისიის სხდომებზე იმ მსხვერპლთა განცხადებებს, რომლებიც მართლა წამებას აღწერენ, – ამის შესახებ ხალხის ძალის აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარია, რომ ახალგაზრდებმა მოისმინონ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოსვლები და ამაზე ჰქონდეთ რეაგირება.
„რთულია გახსენება, თუმცა მნიშვნელოვანია ამ კომისიისთვის, იმ ახალგაზრდებისთვის და არა მხოლოდ, რომლებიც დღეს, მაგალითად, აპროტესტებენ ელენე ხოშტარიას „წამებას“, რომელიც ღიმილით გამოდის საპატიმროდან მეორე დღეს და სააკაშვილის „წამებას“, რომელიც, როგორც თქვენ ამბობთ, ოროთახიან ლუქსში არის წამოკოტრიალებული.
მინდა, კიდევ ერთხელ ახალგაზრდებთან ერთად, ჩვენს უცხოელ პარტნიორებს და ელჩებს მივმართო, რომლებიც გვიწუნებენ ხოლმე ხშირად დემოკრატიას და სხვათა შორის, არაერთხელ რეზოლუციასა და კომენტარში ახსენეს, რომ თითქოს ნაწამები იყო პატიმარი სააკაშვილი. აი, ამ სხდომებს ხომ უყურებენ, უკვე ორ თვეზე მეტია, თითქმის ყოველდღიურად აქ მოსული ადამიანები საუბრობენ წამებაზე. არ აქვს მნიშვნელობა ქონება დაკარგა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს, პოლიტიკურად დევნილი იყო თუ სხვა, საბოლოო ჯამში მაინც ყველა ფაქტი მიდიოდა ციხეზე, წამებაზე. აი, ამიტომ მაქვს სურვილი, რომ გამოეხმაუროს ევროკავშირის ელჩი ამ კომისიის სხდომებზე იმ მსხვერპლთა განცხადებებს, რომლებიც არიან პირველწყაროები, რომლებიც მართლა წამებას აღწერენ და ეს დადასტურებულია საერთაშორისო სასამართლოს ფაქტებით და ქართული მართლმსაჯულების ფაქტებით. რაც მთავარია, საზოგადოებით. ამიტომ მინდოდა, გამეკეთებინა ეს განცხადება, რომ მესამე თვე სრულდება და აი ამ მართლაც წამებებზე და უბედურებებზე გამოხმაურება რა არის ზოგიერთი ელჩისგან, ჯერჯერობით არავინ არ იცის. მთავარია, რომ ახალგაზრდებმა, რომლებიც იმ ელჩების განცხადების საფუძველზე ვითომ აპროტესტებენ ვითომ დემოკრატიის უკუსვლას, აი, ეს მოისმინონ და ამაზე გააკეთონ რეაგირება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.