1749584282
,,მიმდინარე მოვლენებმა, დანერგილმა პრაქტიკამ და ევროკავშირში არსებულმა საერთო მიდგომებმა მიგვიყვანა გადაწყვეტილებამდე, რომ მსგავსი ცვლილება დაგვეინიცირებინა, განგვეხილა და მიგვეღო" - სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შედის

ცვლილებებია სისხლის სამართლის კოდექსში - კოდექსს სასჯელის ახალი სახე - უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ემატება. ამასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ჩაემატება ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე. ასევე, გაიზრდება ჯარიმები იმ უცხოელებისთვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესი დაარღვიეს და გამარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურაც.
"ჩვენ შემოგვაქვს მექანიზმები, რომლებიც იძლევა სამართლებრივ საფუძველს და რომელიც მსგავსი არის და, რიგ შემთხვევაში, ლიბერალურიც კი, გარკვეულ შემთხვევაში, შედარებით იმ მექანიზმებთან, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებშია დადგენილი. შესაბამისად, მიმდინარე მოვლენებმა და არსებულმა პრაქტიკამ და იმ საერთო მიდგომებმა, რომელიც ევროკავშირში არსებობს მსგავს საკითხებთან მიმართებაში, მიგვიყვანა გადაწყვეტილებამდე, რომ მსგავსი ცვლილება დაგვეინიცირებინა, განგვეხილა და მიგვეღო", - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე.