1759573255
მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციურ მედიას: თქვენი და თქვენი პარტნიორი რადიკალური ფრთის ტელევიზიები, პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები, ატყუებდით საზოგადოებას, რომ ეს არის ფეიკ ნიუსი, რომ არ მიიწვია [ტრამპმა] საქართველოს პრეზიდენტი, რომ არ იყო შეხვედრა

"რატომ არ აქვს მნიშვნელობა, ტრამპმა ვინ მიიწვია საზეიმო ვახშამზე ? თქვენ, თქვენი პატრონები, ატყუებთ ახალგაზრდებს, საზოგადოებას, რომ ჩვენ ვარ არალეგიტიმური ხელისუფლება. მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პრეზიდენტი იყო საზეიმო ვახშამზე მიწვეული, ეს არის რეალობა და ფაქტი, რატომ ატყუებთ საზოგადოებას?" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა საარჩევნო უბნის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები, ოპოზიციური მედია და მათი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები, მთელი ამ ხნის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით, დეზინფორმაციის გავრცელებით იყვნენ დაკავებულები.
"თქვენი და თქვენი პარტნიორი, რადიკალური ფრთის ტელევიზიები, პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები, მთელი ამ ხნის განმავლობაში ატყუებდით საზოგადოებას, რომ ეს არის ფეიკ ნიუსი, რომ არ მიიწვია [ტრამპმა] საქართველოს პრეზიდენტი, რომ არ იყო შეხვედრა, არ იყო საუბარი, რომ სურათზე მიახატეს მიხეილ ყაველაშვილი და ასე შემდეგ. ტრამპთან შეთანხმება არ მქონია, რომ მას უნდა დაერეკა ჩემთვის, დაკავშირება არ ნიშნავს დარეკვას, ჩვენ გვქონდა საუბარი, რომ უნდა განახლდეს ჩვენს შორის ურთიერთობები, მან მითხრა, რომ გასაგებია მისთვის და აუცილებლად დაუბრუნდება ამ საკითხს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.