1747676647
მიხეილ ხიდურელმა ლონდონში, საქართველოს საინვესტიციო ფორუმზე, კერძო კაპიტალის ფონდი წარადგინა

ლონდონის საფონდო ბირჟისა და საქართველოს საელჩოს ინიციატივით, ლონდონში გაიმართა საქართველოს საინვესტიციო ფორუმი, რომლის მიზანიც იყო ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის წარდგენა.
ფორუმში მონაწილეობდა 180-ზე მეტი წარმომადგენელი სხვადასხვა საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფიდან. მათ შორის იყვნენ საქართველოს უმსხვილესი კომპანიების პირველი პირები.
ღონისძიებაზე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა კერძო კაპიტალის ფონდის პრეზენტაცია გამართა.
„საინვესტიციო ფონდების განვითარება ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. ამჟამად ვმუშაობთ კერძო კაპიტალის ფონდების დასაფუძნებლად, რომელშიც სააგენტოს ლიმიტირებული პარტნიორის როლი მიენიჭება. მომდევნო 3 წლის განმავლობაში, სახელმწიფოს ხელშეწყობით და უშუალო მონაწილეობით ამოქმედდება კერძო კაპიტალის 3 საინვესტიციო ფონდი, რომელთა ჯამური მოცულობაც 200 მილიონ ლარამდე იქნება. აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების განვითარებას“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.
საქართველოს საინვესტიციო ფორუმი გახსნა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა.