მარიამ ლაშხი და ლევან მახაშვილი ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ ქართველოლოგიის ცენტრს ეწვივნენ

მარიამ ლაშხი და ლევან მახაშვილი

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ ქართველოლოგიის ცენტრს ესტუმრნენ.

უნივერსიტეტის ვიცე-რექტორთან, ცენტრის ხელმძღვანელთან, აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან შეხვედრისას, მარიამ ლაშხმა ხაზი გაუსვა ქართული ენისა და ისტორიის შესწავლის მიზნით არსებული ცენტრის მნიშვნელობას.

ვიცე-რექტორმა სურვილი გამოთქვა ცენტრის ბენეფიციარებისა და სტუდენტების საგანმანათლებლო მიზნით საქართველოში სტუმრობის თაობაზე.

ლევან მახაშვილმა ქვეყნებს შორის აკადემიური მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მხარეებმა სამომავლო გეგმები დასახეს, ისაუბრეს სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების საჭიროებაზე, ასევე იმსჯელეს ცენტრის ქართული ლიტერატურისა და ისტორიის სახელმძღვანელოებითა და მასწავლებლებით უზრუნველყოფის თაობაზე.

ქართველოლოგიის ცენტრი 2024 წლიდან ფუნქციონირებს და ხელს უწყობს ქართული ისტორიის, კულტურისა და ლიტერატურის შესახებ აკადემიური ცოდნის გავრცელებას.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.