მაქვს სრული ნდობა საქართველოს მოქალაქეების არჩევანის მიმართ, რა შედეგიც არ უნდა იყოს - პაველ ჰერჩინსკი

პაველ ჰერჩინსკი

მაქვს სრული ნდობა საქართველოს მოქალაქეების არჩევანის მიმართ, რა შედეგიც არ უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ჰერჩინსკის თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა აირჩიონ მთავრობა, რომელიც მათ სურვილებს და მისწრაფებებს წარმოაჩენს.

„ოთხ დღეში გექნებათ შესაძლებლობა, წახვიდეთ და აირჩიოთ მომავალი მთავრობა. არჩევნები არის დემოკრატიის ფესტივალი. ეს არის დღე, როდესაც თითოეულმა თქვენგანმა უნდა აირჩიოს საკუთარი ბავშვების მომავალი. გთხოვთ, მონაწილეობა მიიღოთ არჩევნებში და აირჩიოთ მთავრობა, რომელიც თქვენს სურვილებს, მისწრაფებებს წარმოაჩენს.

მე მაქვს სრული ნდობა საქართველოს მოქალაქეების არჩევანის მიმართ, რა შედეგიც არ უნდა იყოს. იმ პირობით, რომ არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი, ჩვენ პატივს ვცემთ ამ შედეგს და ვიმუშავებთ საქართველოს ნებისმიერ დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებასთან.

გასულ კვირას თბილისის ქუჩებში ძალიან ბევრი ევროკავშირის დროშა ვნახე. როგორც ევროკავშირის ელჩი, ამაყი ვიყავი. ბევრი ხალხი ვნახე ქუჩაში, ახალგაზრდები, ყველა იქ იყო. თქვენი შვილები უკეთეს მომავალს იმსახურებენ. იმსახურებენ, რომ ჰქონდეთ შესაძლებლობები აქ, საქართველოში და არ უნდა ეძებდნენ უკეთეს ცხოვრებას სხვაგან. მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, დარჩნენ, იცხოვრონ და იმუშაონ ლამაზ საქართველოში“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.

ამასთან, ელჩის თქმით, ყველა ქვეყანა, რომელიც შეუერთდა ევროკავშირს, მიეცა შესაძლებლობა დიდი ცივილიზაციური ნახტომისთვის. როგორც ჰერჩინსკიმ აღნიშნა, იმედოვნებს, რომ საქართველოს შემთხვევაშიც ასე იქნება.

„როგორც იცით, სამწუხაროდ, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები ისტორიულად დაბალია. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია და ევროკავშირის ლიდერებმა ძალიან ნათლად განაცხადეს, რომ ეს არის საქართველოს მთავრობის მოქმედებების შედეგი. როგორც ევროკავშირის ელჩისთვის ძალიან სამწუხარო და დასანანია, რომ ვუყურებ სხვა ქვეყნებს, როგორ მიდიან წინ ევროკავშირის წევრობისკენ და საქართველო წინსვლის მაგივრად უკან მიდის. შეხედეთ, რა მოხდა მოლდოვაში. ხალხი გავიდა და რეფერენდუმში ხმა მისცა, შეუერთდნენ ევროკავშირს, მაგრამ ყველა ხმა დაითვალა. განსხვავება ძალიან მცირე იყო, ასე რომ, გთხოვთ, გადით და მიეცით ხმა თქვენს მომავალს.

ევროკავშირი არის დიდი წარმატების ისტორია, ეს არის მშვიდობის პროექტი, განვითარების გარანტი, გარანტი ღირსეული ცხოვრების ყველასთვის და არა რამდენიმე მდიდარი ადამიანისთვის. შეხედეთ ჩემს ქვეყანას. 30 წლის წინ ჩემი ქვეყანა გაკოტრებული იყო. ახლა კი ევროკავშირის წევრობის დამსახურებით ეს არის წარმატების ისტორია. ყველა ქვეყანა, რომელიც ისტორიის განმავლობაში შეუერთდა ევროკავშირს, მიეცა შესაძლებლობა დიდი ცივილიზაციური ნახტომისთვის. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს შემთხვევაშიც ასე იქნება, მაგრამ ეს თქვენს ხელშია. ჩვენ გადაწყვეტილება გასული წლის დეკემბერს მივიღეთ, რომ გაგვეღო კარი საქართველოსთვის. ჩვენ გელოდებით, მაგრამ ეს კარები თქვენ თვითონ უნდა გაიაროთ. ვერავინ გააკეთებს ამას თქვენ მაგივრად. .ეს თქვენი ქვეყანაა, თქვენი არჩევანია, სხვისი არავისი. საქართველო არის შენი. წადით და ხმა მიეცით. აირჩიეთ თქვენი მომავალი“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.