მამუკა მდინარაძე: წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ უსაფრთხოების სამსახურის ნორმალური ფუნქციონირება შეიძლება, თუ მას არ ექნება სპეციალიზებული სასწავლებელი. მე ამაზე აუცილებლად ვიზრუნებ

მამუკა მდინარაძე

ჩემს მუშაობას აზრი ექნება იმ შემთხვევაში, თუ წლების შემდეგ ნებისმიერი მოქალაქე იტყვის, რომ თვისებრივად ახალი სამსახურია სუსი - ძლიერი, ისეთი, როგორიც უნდა ჰყავდეს დამოუკიდებელ და სუვერენულ ქვეყანას და ასეთი ქვეყნის სიძლიერის ერთ-ერთ მთავარი კომპონენტი უნდა იყოს, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა მამუკა მდინარაძემ.

მან აღნიშნა, რომ ამას ბევრი მუშაობა სჭირდება და ყურადღება იმ მიმართულებებზე გაამახვილა, რომელთა გაძლიერებასაც გეგმავს - კონტრტერორისტული, კონტრდაზვერვითი, დაზვერვითი და ანტიკორუფციული მიმართულებები. მდინარაძემ ერთი სიახლეც დააანონსა, რომელიც სპეციალიზებული სასწავლებლის შექმნას ეხება.

„არ დაგიმალავთ და ერთ სიახლეს დაგიანონსებთ - წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ უსაფრთხოების სამსახურის ნორმალური ფუნქციონირება შეიძლება, თუ მას და ქვეყანას არ ექნება სპეციალიზებული სასწავლებელი. არ ვამბობ რომ იმ ფორმით, როგორიც უშიშროების აკადემია იყო, მაგრამ მისი თანამედროვე, განახლებული, მოდიფიცირებული ვერსია, რათა უსაფრთხოების მომავალმა თანამშრომლებმა სპეციალიზებული ცოდნა მიიღონ, აუცილებლად უნდა არსებობდეს და მე ამაზე აუცილებლად ვიზრუნებ. სუსს აუცილებლად სჭირდება გაძლიერებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ამ ხალხს სჭირდება მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფა, რომ თავიანთი პროფესიული საამაყო მოვალეობა პირნათლად შეასრულონ და ამის შესაბამისი ინფრასტრუქტურა არსებობდეს.

ასევე, [საჭიროა] კონკრეტული პროფესიული მიმართულებების გაძლიერება, შესაბამისი ტრენინგები, თითოეული მიმართულებით დახვეწა, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გვქონდეს ძლიერი სპეცსამსახურები, იმისთვის რომ შესაბამისობაში ვიყოთ იმ სერიოზულ, მყარ, მკაფიო განაცხადთან მთელი მსოფლიოს წინაშე, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, ამაყი, თვითკმარი ქვეყანა და შესაბამისი სამსახურები თავის ფუნქციას პირნათლად ასრულებენ“, - განაცხადა მდინარაძემ.

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მამუკა მდინარაძე დაამტკიცა. მდინარაძეს კენჭი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყარეს. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა პარლამენტის 85-მა წევრმა, წინააღმდეგი არცერთი იყო.