მამუკა მდინარაძე ოპოზიციურ მედიას: ჩვენ გვინდა დასავლეთთან მეგობრობა და არა მათი გავლენები, ჩვენ გვინდა რომ ოკუპაცია აღარ იყოს ამ ქვეყანაში და შერიგებით შევძლოთ დეოკუპაცია - თქვენ მტრებს უწოდებთ აფხაზებს და ოსებს

mamuka mdinaraZe

ჩვენ გვინდა დასავლეთთან მეგობრობა და არა გავლენები, მაგრამ ამას ზედმიწევნით წარმატებით ვახორციელებთ, რომ ასე დალაგდეს და ოკუპაცია აღარ იყოს ამ ქვეყანაში და შერიგებით შევძლოთ დეოკუპაცია, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

ჟურნალისტმა მდინარაძეს ჰკითხა, რას ფიქრობს იმაზე, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებს რუსეთიდან ეხმაურებიან და ასევე სერგეი ლავროვის განცხადებაზე, რომელიც ამბობს, რომ დასავლეთი ცდილობს საქართველოში „ფერადი რევოლუციის“ მოწყობას.

„რა პრობლემაა [რუსეთიდან გამოხმაურებები], ჩვენ ისედაც ჩელიაბინსკში ვართ... რუსეთი ნერვიულობს ჩვენზე იმიტომ, რომ საქართველოში გაყალბდა 300 ათასი ხმა და ერთ მშვენიერ დღეს ჩელიაბინსკში გავიღვიძეთ. ლავროვი ეტყობა ნერვიულობს ამაზე და თქვენთან [ჟურნალისტს მიმართავს] სინქრონში განცხადებებს აკეთებს, მერე თქვენ ამას აპიარებთ და ჩელიაბინსკიდან მიწევს კიდევ ერთხელ ამის მტკიცება, რომ ეს ასეა. საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ რა დაინახა და მოდი ნაკლები სჯობს ვისაუბროთ გარედან და მათ შორის განსაკუთრებით რუსეთიდან რა განცხადებები კეთდება იმაზე. ის [ლავროვი] აკეთებს შიდა აუდიტორიაზე რაღაც გათვლებს, თავისი ინტერესები აქვს იმ ხალხს [რუსეთში]. მათი ინტერესი მათ შორის საქართველოში ოკუპაციაა, რომელსაც „წარმატებით“ ახორციელებენ, მაგრამ დროებითია მათი ეს წარმატება, ამაში დარწმუნებული ვარ“, - აღნიშნა მდინარაძემ ხუმრობით.

მისი თქმით, საქართველოში გავლენა აქვს ქართველ ხალხს და „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ასოცირებული მედიასაშუალებები ამას ვერ ეგუებიან.

„ხუმრობის გარეშე თუ გაინტერესებთ, საქართველოში გავლენა აქვს ქართველ ხალხს და თქვენ ამას ვერ ეგუებით. გინდათ, რომ მაინცდამაინც დასავლეთში არსებულ რაღაც კონკრეტულ ძალებს ჰქონდეთ გავლენა. ჩვენ ესეც არ გვინდა. ჩვენ გვინდა დასავლეთთან მეგობრობა და არა გავლენები, მაგრამ ამას ზედმიწევნით წარმატებით ვახორციელებთ, რომ ასე დალაგდეს და ოკუპაცია აღარ იყოს ამ ქვეყანაში და შერიგებით შევძლოთ დეოკუპაცია. „ნაცმედიის ტელევიზიები“ მტრებს უწოდებთ აფხაზებს და ოსებს, ერთი კვირა ამაზე იყო საუბარი მედიაში“, - აღნიშნა მდინარაძემ.