მამუკა მდინარაძე: გუშინწინდელმა შეხვედრამ აჩვენა მთელს მსოფლიოს, რომ უკრაინა, სამწუხაროდ, მართლაც პაიკად გამოიყენეს ვიღაცებმა და საქართველომ ამის საშუალება არავის მისცა - საქართველო დავალებებს აღარ იღებს

მამუკა მდინარაძე

ჩემი შეხედულება ნაკლებად მნიშვნელოვანია, აქ ფაქტებზეა საუბარი: გუშინწინდელმა [ტრამპის და პუტინის] შეხვედრამ აჩვენა მთელს მსოფლიოს, რომ უკრაინა, სამწუხაროდ, მართლაც პაიკად გამოიყენეს ვიღაცებმა და საქართველომ ამის საშუალება არავის მისცა, - განაცხადა „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად, რომელიც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ეხებოდა.

მდინარაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ რომ ქვეყნის პაიკად გამოყენების საშუალება არავის მისცა, სწორედ ამის წინააღმდეგ იბრძოდა აგენტურული ოპოზიცია.

მისივე თქმით, კულისებშიც და ღიადაც, საქართველოს ომში ჩართვა ევალებოდა, მაგრამ ქართული სახელმწიფო დავალებებს აღარ ასრულებს.

„ჩვენ რომ ამისი საშუალება არავის მივეცით, ამის წინააღმდეგ იბრძოდით თქვენ: თქვენი ტელევიზია, თქვენი პარტიები, აგენტურული ოპოზიცია საქართველოში, იბრძოდა არა მხოლოდ ხელისუფლების, მშვიდობის წინააღმდეგ. როდესაც "დიფ სტეიტზე", "გლობალური ომის პარტიაზე" ვლაპარაკობდით, ეს ისეთ აბსურდულ მოცემულობად მოიტანეთ, დამცინავ კონტექსტში ამბობდით, "აბა ომი გინდათ?" - ეს კამპანია აქვს „ქართულ ოცნებასო". "ქართულ ოცნებას" კი არ ჰქონდა, მოცემულობა იყო. პრაგმატული თვალსაზრისით, რატომ შეიძლებოდა, ამ ომის ინტერესის მქონე ადამიანებს თუ ჯგუფს, არ ნდომებოდა საქართველოში მეორე ფრონტი, ერთ არგუმენტს ვერ მეტყვით, რატომ შეიძლება არ ნდომებოდათ. რომ უნდოდათ, ეს, კულისებშიც და ღიადაც ევალებოდა საქართველოს, მაგრამ, საქართველო დავალებებს აღარ იღებს. „აღარ“ შემთხვევით კი არ მითქვამს და კი არ წამომცდენია - ჩვენ გვქონდა მოცემულობები, როცა რაღაცებს ვითვალისწინებდით და ვითვალისწინებდით ჩვენი ინტერესის საზიანოდაც კი, ოღონდ, ისეთებს, რის გამოსწორებასაც შევძლებდით. მაგალითად სახალხო დამცველად რომ ვირჩევდით ლომჯარიას, ვიცოდით რომ გამოსწორდებოდა ეს და ავიტანდით და გადავიტანდით; რაღაცა პოზიციებზე რომ გვყავდნენ ადამიანები, რომლებიც პრაქტიკულად გაშიფრული აგენტები იყვნენ, ამასაც გადავიტანდით. სამწუხაროდ, მაშინ იმისი თავი, რომ ასე პირდაპირ დავჯახებოდით დიდ ინტერესს, რომელიც არ გამომდინარეობდა საქართველოს ინტერესიდან, შეიძლება არ გვქონდა იმხელა და იმდენი, როგორიც გვაქვს დღეს და დღეს ჩემმა და თქვენმა ქვეყანამ თქვა, რომ მე ვარ დამოუკიდებელი ქვეყანა, დამოუკიდებელი სახელმწიფო და მე მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ხალხის ინტერესებიდან გამოვდივარ, არ მაინტერესებს სხვა არაფერი და მე ამისი თქმის საშუალება მაქვს, იმდენად ძლიერი გავხდი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.