მაკა ბოჭორიშვილი: პრეზიდენტმა ალიევმა მიუთითა ევროკავშირს და ევროკომისიას ძალიან მარტივ რამეზე, როდესაც დერეფანზეა საუბარი, პირველი რაც უნდა გააკეთო, ალბათ რუკას უნდა შეხედო სად გადის ეს დერეფანი

მაკა ბოჭორიშვილი

პრეზიდენტმა ალიევმა მიუთითა ევროკავშირს და ევროკომისიას ძალიან მარტივ რამეზე, როდესაც დერეფანზეა საუბარი, პირველი, რაც უნდა გააკეთო, ალბათ რუკას უნდა შეხედო, სად გადის ეს დერეფანი. თუ რუკას შეხედავ და ნახავ იქ ქვეყნებს, ბუნებრივია, მერე შეუძლებელია ისაუბრო დერეფანზე ისე, რომ არ ახსენო ის ქვეყნები და არ შეხედო იმ ქვეყნებთან ურთიერთობას, რომლების მონაწილეობითაც ამ დერეფანზე საუბრობ. არასერიოზულია ასეთი მიდგომა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.

„სწორედ ეს იყო პრეზიდენტ ალიევის აქცენტი იმიტომ, რომ საქართველო, ისევე, როგორც აზერბაიჯანი, ორი მნიშვნელოვანი ქვეყანაა სწორედ ამ დერეფანში მნიშვნელოვანი როლი რომ უნდა შეასრულოს და რა თქმა უნდა ჩვენ თუ სერიოზულად ვუდგებით ამ საკითხს, ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც ცენტრალური აზიის და ზოგადად აზიის ქვეყნებთან ურთიერთობები, ისე ურთიერთობები ევროპის ქვეყნებთან. ამ მომენტში რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია თურქეთთან, ბულგარეთთან და რუმინეთთან ურთიერთობები.

თავად დაკავშირებადობა ევროკავშირისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო თემაა და მნიშვნელოვანი არის ისიც, რომ სერიოზულად მიუდგეს ბრიუსელი ამ საკითხს და მსგავსი მანიპულაციური მიდგომები არ გამოიყენოს იმისთვის, რომ სწორად განვახორციელოთ ჩვენ ის პროექტები, რამაც ხელი უნდა შეუწყოს აზიისა და ევროპის დაკავშირებადობას, რაც ძალიან სჭირდება დღეს ევროპას სხვადასხვა მიმართულებით. საქართველო არის მზად იმისთვის, რომ თავისი როლი შეასრულოს.

ის, რაც ამ ათწლეულის განმავლობაში გაკეთდა თუნდაც საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების კუთხით, იყოს სათანადოდ გამოყენებული ჩვენს რეგიონში საკეთილდღეოდ. ამას სჭირდება მუშაობა და სერიოზული მიდგომა და არა ასეთი განცხადებები, როგორიც გვესმის ხოლმე ბრიუსელში ლიდერებისგან.

ჩვენ არაერთი შეხვედრა გვქონდა სწორედ ამ ვიზიტების ფარგლებში გასულ კვირას და ძალიან დიდი აქცენტი კეთდება სწორედ იმ პროექტებზე, რომელიც საქართველოს მონაწილეობით უნდა განხორციელდეს და რომელმაც რეალურად უნდა მოუტანოს შედეგი ჩვენს რეგიონს, როგორც სამხრეთ კავკასიას, ასევე უფრო ფართო რეგიონს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აქ ყველა აღიარებს იმას, რომ საქართველოს გარეშე ამ ფუნქციის შესრულება და ამ მიზნის მიღწევა შეუძლებელია“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.