მაკა ბოჭორიშვილი: იმედი მაქვს, რომ დიპლომატია თავის სიტყვასა და როლს შეასრულებს იმ კონფლიქტების მოგვარებაში, რომელიც დღეს ჩვენს რეგიონშია

მაკა ბოჭორიშვილი

სამწუხაროდ, დღეს ასეა, დიდი ადგილი დიპლომატიას არ ეთმობა. უფრო მეტი ადგილი უჭირავს ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას, მაგრამ მოლაპარაკებებს, საერთოდ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ნებისმიერ ვითარებაში ეს უნდა იყოს მთავარი ინსტრუმენტი, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას.

მან ისაუბრა დიპლომატიის როლზე დღევანდელ ე.წ. პროქსი ომის სამყაროში. აღნიშნულით იგი 11-13 აპრილს ანტალიაში გამართულ დიპლომატიის ფორუმს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, დიპლომატია ყოველთვის არის საჭირო იმისთვის, რომ ნებისმიერ ვითარებაში მშვიდობიანად მოგვარდეს ქვეყნებს შორის პრობლემური საკითხები. მინისტრმა აღნიშნა, რომ საუკუნეების განმავლობაში ამ პროფესიას ამ კუთხით ალტერნატივა არ აქვს.

„სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვცხოვრობთ საკმაოდ დაძაბულ სამყაროში, სადაც უფრო მეტად ძალისმიერი მეთოდებით ხდება მცდელობები ამა თუ იმ პრობლემისა თუ საკითხის გადაჭრის და ამის მოწმეები ვართ ჩვენ დიდწილად - განსაკუთრებით ჩვენს რეგიონს თუ შევხედავთ. ამასაც აქვს თავისი ლოგიკური გაგრძელება და მე იმედი მაქვს, რომ ეს ლოგიკური გაგრძელება და დასასრული იქნება მშვიდობიანი და დიპლომატია თავის სიტყვასა და როლს შეასრულებს იმ კონფლიქტების მოგვარებაში, რომელიც დღეს ჩვენს რეგიონშია. დიპლომატიას რომ ალტერნატივა არ აქვს, ამას უფრო მალე მიხვდებიან ადამიანები, ვიდრე უფრო მეტ დაძაბულობას გამოიწვევენ რეგიონში.

სამწუხაროდ, დღეს ასეა, დიდი ადგილი დიპლომატიას არ ეთმობა. უფრო მეტი ადგილი უჭირავს ძალისმიერი მეთოდების გამოყენებას, მაგრამ მოლაპარაკებებს, საერთოდ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ნებისმიერ ვითარებაში ეს უნდა იყოს მთავარი ინსტრუმენტი“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.