მაია ბითაძე: სამარცხვინოა რადიკალური ოპოზიციის ლიდერების ქმედებები, რომლებიც მიმართულია იქითკენ, რომ მოვლენების ესკალაცია გამოიწვიონ - ამ ადამიანებმა ვერ გაიაზრეს, რომ დღეს საქართველო სხვა სახელმწიფოა და ეს ყველაფერი არ გამოუვათ

მაია ბითაძე

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ მელიქიშვილის გამზირზე განვითარებული მოვლენები „ქრონიკასთან“ სატელეფონო ჩართვის დროს შეაფასა და აღნიშნა, რომ რადიკალების მხრიდან ვხედავთ დესტრუქციულ ქმედებებს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ახალგაზრდები, რომელთა დესტრუქციულ ქმედებას ვაკვირდებით მელიქიშვილის გამზირზე, პირნათლად ასრულებენ იმ მითითებებს, რომელიც მათ უცხოელი აქტორებისგან მიიღეს.

სამარცხვინოა ჩვენი რადიკალური ოპოზიციის ლიდერების ქმედებები, რომლებიც მიმართულია იქითკენ, რომ როგორმე მოვლენების ესკალაცია გამოიწვიონ. ჩვენ პირდაპირ გვესმის ჩვენი პოლიციის მიმართ ისეთი განცხადებები, როგორიცაა რუსეთს „ომონთან“ შედარება. სამარცხვინო და მოღალატეობრივია პოლიტიკური ლიდერებისგან რაც მოვისმინეთ, რომ არაფერი ვთქვათ იმ ცალკეულ აგრესიულ ქმედებებზე მოქალაქეების მიმართ, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ. ვნახეთ რა დღეში ჩააგდეს „იმედის“ ჟურნალისტი.

ამ ადამიანებმა ვერ გაიაზრეს ორი რამ: ერთი, რომ დღეს საქართველო სხვა სახელმწიფოა და მათ არ გამოუვათ მოვლენების ესკალაცია, რომლის მიზანია საბოლოო ჯამში ვინმეს ფიზიკური დაზიანება, რომ სახელმწიფო გადატრიალების იდეა განახორციელონ და მეორე, მათ ვერ გაიაზრეს ის,რომ მათ ამ საქციელით უფრო მეტი ბრაზი დათესეს საქართველოს მოქალაქეებში“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

აქციის მონაწილეები „იმედის“ გადამღებ ჯგუფს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლიან.

გამთენიისას, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აქციის მონაწილეებს მოუწოდა, გაათავისუფლონ ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორია ხელოვნურად აღმართული კონსტრუქციებისგან და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში.

ამის შემდეგ სამართალდამცველებმა ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვები და ის ტრანსპორტი გაიტანეს, რომლითაც აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილი ჰქონდათ ჩახერგილი. დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა კი ტერიტორია მოაწესრიგეს, ხოლო აქციის მონაწილეებმა მელიქიშვილის გამზირზე გადაინაცვლეს.

ვარაზისხევში რადიკალური ოპოზიციის მომხრეებმა კარვების გაშლა კვირას გვიან ღამით დაიწყეს. „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერებმა მხარდამჭერებთან ერთად ვარაზისხევი, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირი, ასევე კეკელიძის ქუჩა გადაკეტეს და 24-საათიანი უწყვეტი პროტესტი დააანონსეს. თსუ-ის მიმდებარედ, ცენტრალურ სავალ გზაზე კი კარვები გაშალეს - სულ, დაახლოებით, 30-მდე კარავი.