1756145280
მაია ბითაძე: რადიკალური ოპოზიცია, კარდაკარ სიარულის პარალელურად ოცნებობს, რომ ვიზალიბერალიზაცია ჩამოერთვას საქართველოს მოსახლეობას, რას ფიქრობენ, რომ ამის გამო მისცემენ ადამიანები ხმას?!

გასულ წელს და წინა წლებში, მიუხედავად „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯებისა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ დადებითი შეფასებები გვქონდა უკრაინა-მოლდოვასთან და სხვა კანდიდატ სახელმწიფოებთან შედარებით, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველმა ძალიან კარგად დაინახა, რომ ჩვენ გვაშანტაჟებდნენ და ახალ-ახალ რესურსს იყენებდნენ ამ მიზნით, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ.
მისი თქმით, ამ შანტაჟს „ქართული ოცნების“ ამომრჩეველზე ნულოვანი გავლენა ექნება.
„მიკვირს, ევროკავშირის ის წარმომადგენლები, რომლებიც ამ შანტაჟს ახორციელებენ ჩვენს ქვეყანაზე, რატომ ვერ აცნობიერებენ, რომ ერთი და იგივე წყალში ერთი და იგივე სცენარით შესვლა არის აბსოლუტურად ფუჭი. გახსოვთ ჩვენმა რადიკალურმა ოპოზიციამ კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე რამდენი იწვალა, კარდაკარ იარეს, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო, შემდეგ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, შემდეგ იყო მოლაპარაკებების გახსნა-არ გახსნა; გახსოვთ რაზე იყო საუბარი, რომ უკრაინა-მოლდოვა აშენდებოდა ამ მოლაპარაკების გახსნის შემდგომ, რეალურად კი, გული მტკივა, როდესაც წარმოვიდგენ რა მდგომარეობაშია უკრაინელი ერი. არც მოლდოვას აქვს დალხენილი მდგომარეობა, მათ შორის ეკონომიკურად, ხოლო საქართველო ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ინარჩუნებს სიმშვიდეს, ეკონომიკურ წინსვლას, მილიონი შესაძლებლობა იკვეთება ლოგისტიკური, სატრანსპორტო და ენერგეტიკული მიმართულებით ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის.
ჩვენი რადიკალური ოპოზიცია კარდაკარ სიარულის პარალელურად ოცნებობს, რომ ვიზალიბერალიზაცია ჩამოერთვას საქართველოს მოსახლეობას და რას ფიქრობენ, რომ ამის გამო მისცემენ ადამიანები ხმას? საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის აზრია, რომ საინტერესოც აღარ არის ის განცხადებები, რასაც ჩვენ ვისმენთ, არა მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, არამედ ევრობიუროკრატების მხრიდანაც, რადგან ეს კინო ჩვენ უკვე ნანახი გვაქვს და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში ევრობიუროკრატები გონიერებას შეინარჩუნებენ და ზიანს არ მიაყენებენ თვითონ ევროკავშირს, როგორც ორგანიზაციას, იმიტომ რომ აქ არ არის საუბარი მხოლოდ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაზე, აქ საუბარია ბევრად მასშტაბურ, ფართო მოცემულობაზე, რომელიც ევროკავშირის, როგორც ორგანიზაციული წარმონაქმნის სტატუსს, ნდობას და მის შემდგომ განვითარებას და გაძლიერების პერსპექტივას ეხება. სწორედ ამ საკითხს აყენებენ ევროკავშირის ის წარმომადგენლები კითხვის ნიშნის ქვეშ, რომლებიც ვიზალიბერალიზაციას, როგორც ბოლო ინსტრუმენტს იყენებენ საქართველოს მოსახლეობის დასაშანტაჟებლად. მათ ძალიან კარგად იციან, რომ საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მისცა ხმა. შესაბამისად, ადგილობრივ თვითმმართველობაზე რომ „ქართული ოცნება“ აბსოლუტურად გაიმარჯვებს ყველა მუნიციპალიტეტში, ამას წყალი არ გაუვა“, - აღნიშნა ბითაძემ.