მაჭარაშვილი: ჩვენ კონკრეტული კრიტერიუმები დავაკმაყოფილეთ და იმიტომ მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია. არსად ეწერა, რომ ვიზალიბერალიზაციას გააუქმებენ თუ საქართველოში კაცებს არ გაათხოვებენ და მეორე ფრონტს არ დაიწყებენ

გურამ მაჭარაშვილი

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ევრობიუროკრატების მიერ ვიზალიბერალიზაციის გაუქმების მუქარას მედიასთან ეხმიანება.

„ასე მწვავედ აყენებენ საკითხს - თუ საქართველოში კაცებს არ გაათხოვებთ, მეორე ფრონტს არ დაიწყებთ, გაუმჭვირვალედ ფულს არ ჩაგვარიცხინებთ და რევოლუციას არ დაგვაფინანსებინებთ, მაშინ გავაუქმებთ ვიზალიბერალიზაციასო“- განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაცია დაიმსახურა კონკრეტული კრიტერიუმების დაკმაყოფილებით, შეთანხმებაში კი არსად ეწერა ის პირობები, რის გამოც ახლა ევრობიუროკრატები ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით იმუქრებიან.

„შევახსენოთ საზოგადოებას რატომ მოგვცეს ვიზალიბერალიაზია და რა ფორმალური კრიტერიუმები დავიცავით იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაცია მოეცათ. ხომ არ გვაჩუქეს? ჩვენ დავიმსახურეთ იმ კრიტერიუმებით, რის გამოც ზოგადად ქვეყნებს აძლევენ ვიზალიბერალიზაციას. არსად წერია, რომ ვიზალიბერალიზაციას გააუქმებენ თუ საქართველოში კაცებს არ გაათხოვებენ, მეორე ფრონტს არ დაიწყებენ (მაშინვე, როგორც კი იტყვიან), უკანონოდ ხელისუფლებას არ შეცვლიან და იმ ხელისუფლებას არ მოიყვანენ, ვისაც უცხოელი ბიუროკრატები იტყვიან ან ციხიდან არ გამოუშვებენ მათ, ვისზეც ისინი მიუთითებენ. მსგავსი რამ არ ეწერა ამ შეთანხმებაში. ჩვენ კონკრეტული კრიტერიუმები დავაკმაყოფილეთ და იმიტომ მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია. ბოლო დღეებში საუბარია კაია კალასის თავგასულობაზე, რომელმაც ჭკუა ვერ ისწავლა - ჭკუა უნდა გქონდეს, რომ ისწავლო. მათ არ სჭირდებათ დამოუკიდებელი აზროვნება, ჩვენ ეს კარგად ვიცით. დღეს ეუბნებიან, რომ ახლა ასე მოქმედებაა საჭირო, ხვალ თუ განსხვავებულ მოსაზრებას ეტყვიან, მაშინ ისე იქნება საჭირო. სულ რაღაც 2 წლის წინ იყო ამერიკის წინა ხელისუფლების სახელმწიფო მდივნის განცხადება - დედას დედა არ დაუძახოთ და დას -დაო. ასე მწვავედ აყენებენ საკითხს - თუ საქართველოში კაცებს არ გაათხოვებთ, მეორე ფრონტს არ დაიწყებთ, გაუმჭვირვალედ ფულს არ ჩაგვარიცხინებთ და რევოლუციას არ დაგვაფინანსებინებთ, მაშინ გავაუქმებთ ვიზალიბერალიზაციასო,“- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.